ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

 

წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

მოხევეები - „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.

მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვებული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.

მეფე გიორგი XII-ის უფროსი ძის დავით ბატონიშვილის (1776-1819 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაითა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“.

აღესრულა 1763 წელს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი