ღირსი მამა სიმეონ მესვეტე (459)

 

კაპადოკიის ქვეყანაში, სოფელ სისანში, ცხოვრობდა ქრისტიანი ცოლ-ქმარი სუსოტიონი და მართა. ღმერთმა მათი შეუღლება ვაჟის მიცემით აკურთხა, რომელსაც სიმეონი დაარქვეს და ქრისტიანული წესის მიხედვით ნათლობის საბანელით განბანეს. ყრმა არა წიგნების კითხვით, არამედ უბრალოდ და უბოროტოდ იზრდებოდა, მაგრამ ღვთის სიბრძნე ხშირად სწორედ უბრალო ადამიანებში მკვიდრდება და მათ თავის იარაღად ირჩევს, რათა ამსოფლიური სიბრძნე შეარცხვინოს. როცა სიმეონს ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა, მეტყველ ცხოვართა მომავალი მწყემსი (1), მამის ცხვრის ფარას დაუდგა მწყემსად. იაკობის, მოსესა და დავითის მსგავსად, რომელნიც ასევე ცხვრებს მწყემსავდნენ და ღვთაებრივი გამოცხადების ღირსნი გახდნენ, ღმერთმა სიმეონსაც მოუწოდა. ერთხელ ზამთარში, იმის გამო, რომ დიდი თოვლი მოვიდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ცხვარი საძოვარზე ვერ გარეკეს. რაკი საქმისაგან მოიცალა, ნეტარი ყმაწვილი დედ-მამას ეკლესიაში გაჰყვა. ყოველივეს, რაც ეკლესიაში იგალობეს და წაიკითხეს, სიმეონმა დიდი ყურადღების მოუსმინა, მოუსმინა ასევე წმიდა სახარებასაც, რომელიც ღატაკებს, მტირალებს, მშვიდთა და გულით წმიდათა ნეტარებს უწოდებს. მან გვერდით მდგომ პატიოსან ბერ ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. ღვთის სულით დამოძღვრილმა ბერმა სიმეონს ახსნა დაუწყო და დიდხანს ასწავლიდა, აჩვენებდა რა გზას სულით სიგლახაკისა, სიწმიდისა, ღვთის სიყვარულისა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებისაკენ. ბერის შეგონებათა კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე დაეცა, რადგან სიმეონის სულში მაშინვე ღვთისკენ გულმოდგინე სწრაფვა და მტკიცე სურვილი დაიბადა, დადგომოდა ვიწრო ბილიკს, რომელსაც მასთან მივყავართ. მან გადწყვიტა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ყველა და მხოლოდ თავისი სურვილის აღსრულებისათვის ეზრუნა. სიმეონმა პატიოსან ბერს თაყვანი სცა, სასარგებლო სწავლებისათვის მადლობა შესწირა და უთხრა:

- შენ ჩემთვის ახლა დედაცა ხარ და მამაც, მასწავლებელი კეთილი საქმეებისა და წინამძღვარი ჩემი გადარჩენისა.

ამის შემდეგ იგი მაშინვე გამოვიდა ეკლესიიდან და ისე რომ შინ არ შეუვლია, ლოცვისთვის შესაფერი ადგილას განმარტოვდა. აქ იგი მკლავებგაშლილი დაეცა მიწაზე მსგავსად ჯვარისა (2) და ღმერთს ტირილით ევედრებოდა ეჩვენებინა გზა ხსნისა. დიდხანს იწვა ასე და ლოცულობდა. ბოლოს ჩაეძინა და ძილში ასეთი ჩვენება იხილა: რომელიღაცა შენობისათვის თხრილს თხრიდა და აი, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: „უფრო ღრმად ამოთხარე!“ დაიწყო უფრო ღრმად ამოთხრა. როცა იფიქრა, რომ საკმარისი იყო, გაჩერდა, მაგრამ ისევ მოესმა ხმა, რომელიც კიდევ უფრო ღრმად ამოთხრას უბრძანებდა. მან თხრა განაგრძო და როცა ისევ შეჩერდა, იმავე ხმამ მესამედ უბრძანა გაეგრძელებინა დაწყებული საქმე. ბოლოს მან გაიგონა:

- შეჩერდი. ახლა უკეთუ შენობის აგება გსურს, ააგე, მაგრამ გულმოდგინედ იშრომე, რადგან გარეშე შრომისა ვერაფერს მიაღწევ. ეს სასწაულებრივი ხილვა თავად სიმეონზე ახდა. თავისი ღრმა მორჩილებით მან საკუთარი თავისა და სხვის სრულყოფას ისეთი საფუძველი დაუდო, რომ მისი სათნოებანი და ღვაწლი თითქოს კაცობრივ ბუნებაზე მაღლა იდგა. (3)

ამ ხილვის შემდეგ იგი წამოდგა და თავის მშობლიურ მხარეში ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. ამ მონასტრის წინამძღვარი ნეტარი ტიმოთე იყო. სიმეონი მონასტრის ჭიშკართან მიწაზე დაეცა და ითმენდა რა შიმშილსა და წყურვილს, ასე იწვა შვიდი დღე. მერვე დღეს მონასტრიდან იღუმენი გამოვიდა და სიმეონს გამოჰკითხა: საიდან იყო, სად მიდიოდა, რა ერქვა, ხომ არ ჰქონდა ჩადენილი რაიმე ბოროტება და ბატონებისაგან გამოქცეული მონა ხომ არ იყო. სიმეონი ფეხებში ჩაუვარდა იღუმენს და ტირილით უთხრა:

- არა მამაო, მე ამათთაგანი არა ვარ, ბოროტება არავისთვის მიმიყენებია, არამედ მსურს ღმერთს გულმოდგინედ ვემსახურო; შემიწყალე მე ცოდვილი. მომეცი ნება მონასტერში შემოსვლისა, რათა ყველას მსახური ვიყო.

მიხვდა რა რომ იგი ღვთისაგან იყო მოწოდებული, იღუმენმა ხელი მოჰკიდა, მონასტერში შეიყვანა და ძმებს უთხრა:

- ასწავლეთ ამას ბერული ცხოვრება და მონასტრის წესები.

დამკვიდრდა რა მონასტერში, სიმეონი ყველას უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ემსახურებოდა. მოკლე დროში მან მთელი ფსალმუნი ზეპირად ისწავლა. თვრამეტი წლის ასაკში იგი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით მონასტრის ყველა ბერს გადააჭარბა. ასე რომ, თუ ძმათაგან ერთნი საზრდოს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდნენ, ხოლო სხვანი - სამ დღეში ერთხელ, იგი მთელი კვირის მანძილზე პირს არაფერს აკარებდა.

მშობლები ორი კვირის მანძილზე ეძებდნენ სიმეონს, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან ღმერთმა დამალა იგი. ბევრი იტირეს მთა თავიანთი შვილის გამო და მისი გაუჩინარება ისე ძლიერ განიცადეს, რომ მამა დარდისაგან მოკვდა, სვიმეონმა კი მამად ღმერთი შეიძინა და თავისი თავი ჭაბუკობიდანვე მთლიანად მას მიუძღვნა.

სვიმეონი სხეულს ისე აძაბუნებდა, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვებს, უფრო სუსტებს, არ მიებაძათ მისთვის და თავის მკვლელები არ გამხდარიყვნენ. ამიტომ მან სიმეონს მონასტრიდან წასვლა უბრძანა. მონასტრის დატოვების შემდეგ სიმეონმა უდაბნოსა და მთებში ბევრი იხეტიალა, სანამ ბოლოს ერთი დამშრალი ჭა არ იპოვა, რომელშიც ქვეწარმავლები ბინადრობდნენ. იგი ამ ჭაში ჩავიდა და ღმერთს აქედან ევედრებოდა.

რამდენიმე ხანი რომ გავიდა, იღუმენმა ღამით ჩვენება ნახა, თითქოს მონასტერს იარაღასხმული ხალხი შემორტყმოდა, რომლებსაც ხელში სანთლები ეჭირათ და ყვიროდნენ:

- სადაა სიმეონი, მონა ღვთისა? გვიჩვენეთ იგი, ვინც ღმერთსა და ანგელოზებს ასე ესათნოება. თუ არ გვიჩვენებთ, თქვენც გადაგწვავთ და თქვენს მონასტერსაც. სიმეონი ყველა თქვენგანზე მაღლა დგას და ღმერთი მის მიერ მრავალ სასწაულს მოახდენს დედამიწაზე.

დილით იღუმენმა თავისი საზარელი ხილვა ძმებს მოუთხრო და ამცნო რა საშინელება გადაიტანა სიმეონის გამო. მის მოსაძებნად მან ძმები ყველგან დაგზავნა და თვითონაც გაემართა. იღუმენი რამდენიმე ძმასთან ერთად უდაბნოსა და გამოქვებულებში დადიოდა და მოღვაწეს ეძებდა. მალე იგი მწყემსებს შეხვდა, რომელნიც ცხვრის ფარას ედგნენ და მათგან შეიტყო, რომ სიმეონი ცარიელ ჭაში იმყოფებოდა. იღუმენი სწრაფად გაეშურა ჭისაკენ და სიმეონს ჩასძახა:

- აქა ხარ, მონავ ღვთისაო?

- დამტოვეთ, წმიდა მამებო, - უპასუხა სიმეონმე. ცოტაღა დამრჩა ვიდრე სულს უფალს გადავმცემდე. სული ჩემი დაუძლურდა, რადგან განვარისხე მე უფალი.

მაგრამ ბერებმა იგი ძალით ამოიყვანეს ჭიდან და მონასტერში მიიყვანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ნეტარი სიმეონი მოანსტრიდან ფარულად წავიდა და კვლავ უდაბნოსა და მთებში დახეტიალობდა. წარემართებოდა რა სულითა ღვთისათა, ბოლოს იგი სოფელ ტალანისის ახლოს მდებარე მთაზე ავიდა, სადაც კლდეში გამოკვეთილი კელია იპოვა და იქ ჩაიკეტა.

ამ კელიაში მან სამი წელი დაჰყო. ერთხელ მან გაიხსენა თუ მოსემ და ილიამ ორმოცი დღე როგორ იმარხულეს (გამოსვ. 24, 18; 19, 8) და თავისი თავის ასეთივე მარხვით გამოცდა მოისურვა. ამ დროს ტალანისში იმ მხარის ეპისკოპოსი, სახელად ვასი, ჩამოვიდა, რომელიც ეკლესიათა მოსანახულებლად სოფლებსა და ქალაქებში დადიოდა. ნეტარ სიმეონზე რომ მოისმინა, ეპისკოპოსი მასთან მივიდა. სიმეონი შეევედრა, რომ მისი კელიის კარები ორმოცი დღის მანძილზე დაეკეტათ და არავითარი საჭმელი არ მიეცათ, მაგრამ ეპისკოპოსი არ დაეთანხმა:

- არ შეიძლება, - თქვა მან, - რომ ადამიანმა უზომო მარხვით მოიკლას თავი, რადგან ეს უფრო ცოდვაა, ვიდრე სათნოება.

- მაშინ მამაო, მხოლოდ წყალი და პური დამიდგი, რათა თუ აუცილებელი იქნება სხეულის საჭმლით განმტკიცება შემეძლოს. - სთხოვა ღირსმა მამამ.

ვასი ასეც მოიქცა: კელიაში პური და წყალი დაუდგა, კარებზე ლოდები ააფარა და თავისი გზით გაეშურა. გავიდა თუ არა ორმოცი დღე, მან წმიდანს ისევ მიაკითხა, ქვები გადააგორა, კარები გააღო და კელიაში შევიდა. წმინდანი, ვითარცა მკვდარი, მიწაზე იწვა, ხოლო პური და წყალი ხელუხლებლად იდო იქ, სადაც დატოვა. ვასმა ღრუბელი აიღო და წმიდანს ბაგენი დაუსველა, ხოლო როცა გონს მოვიდა, აზიარა. იღებდა რა მსუბუქ საზრდელს, სიმეონი ნელ-ნელა გამომჯობინდა. ეპისკოპოსმა სიმეონის ამ საოცარი თავშეკავების ამბავი მრავალ ძმას უამბო, ხოლო წმიდანი აქედან მოყოლებული ორმოცი დღის მანძილზე ყოველ წელს ასე მახულობდა - სრულიად უჭმელ-უსმელი დროს მხოლოდ განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. ამასთან ოცი დღე ფეხზე იდგა, ხოლო ოცი დაქანცულობის გამო იჯდა.

თავის ვიწრო კელიაში გატარებული სამი წლის შემდეგ სიმეონი მთის წვერზე ავიდა. იქედან რომ აღარ ჩამოსულიყო, ოცი წყრთის სიგრძის რკინის ჯაჭვი აიღო, რომლის ერთი ბოლო ფეხზე მიიბა, ხოლო მეორე - მთაზე. ამგვარ მდგომარეობაში მყოფ წმინდანს თვალები მუდამ ზეცისაკენ ჰქონდა აპყრობილი და გონებით მისკენ წარემართებოდა, ვინც ზეცაზე მაღლაა.

მოღვაწის ამბავი რომ შეიტყო, მასთან თვით ანტიოქიის ეკლესიის მწყემსმთავარი ნეტარი მელეტი მივიდა. როცა მან მთაზე მიჯაჭვული სიმეონი იხილა, თქვა:

- თავისი თავის ფლობა ადამიანს ჯაჭვის გარეშეც შეუძლია და ისიც შესაძლებელია, რომ საკუთარი თავი ერთ ადგილზე არა რკინით, არამედ გონებით და ნებით მიაჯაჭვო.

ეს რომ მოისმინა, წმიდანი შეგონებებით სარგებლობას დაეშურა. სურდა რა, რომ ქრისტეს ნებაყოფლობითი ტყვე ყოფილიყო, მან ბორკილები მოიხსნა და თავი მხოლოდ ნებით შეიკრა: გულის სიტყუათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღელსა, აღმაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა (2 კორ. 10, 5).

წმიდა მოღვაწის ამბავი ყველგან გავრცელდა. მასთან არა მხოლოდ იმ მხარის მცხოვრებნი, არამედ შორეული ქვეყნების მკვიდრნიც მოდიოდნენ, რომელთაც ამისთვის გრძელი გზის გავლა სჭირდებოდათ. ნაწილს ავადმყოფები თან მოჰყავდა, ნაწილი შინ დატოვებულ სნეულთა კურნებას ითხოვდა, სხვანი და სხვანი ან ურვითა და მწუხარებით იყვნენ შეპყრობილნი, ან ავი სულებისაგან იტანჯებოდნენ. და არავინ, ვინც კი წმინდანთან მიდიოდა, უკან ნუგეშისცემის გარეშე არ ბრუნდებოდა, არამედ ყოველი მათგანი იღებდა მას, რასაც ითხოვდა: ვინ განკურნებას, ვინ ნუგეშს, ვინ სასარგებლო შეგონებას, სხვა კიდევ რომელიმე სხვა შემწეობას. შინ ყველანი სიხარულით ბრუნდებოდნენ და ღმერთს ადიდებდნენ. წმინდანი კი ყველას, ვინც მისი ლოცვით განიკურნებოდა, ეუბნებოდა:

- ადიდე უფალი, რომელმაც კურნება მოგანიჭა და თუ გინდა, რომ დიდი უბედურება არ შეგემთხვეს, არ გაკადნიერდე და არ თქვა, რომ სიმეონმა განგკურნა.

 

 

ტაძარი წმიდა სიმეონის მოღვაწეობის ადგილას,

სადაც შემორჩენილია მისი სვეტის ნანგრევები

 

ვითარცა მდინარენი ისე მოიდენებოდნენ სიმეონთან სხვადასხვა ხალხისა და ტომის შვილები: მოდიოდნენ არაბეთიდან და სპარსეთიდან, სომხეთიდან და იბერიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან. ასე განადიდა უფალმა მადიდებელი მისი. ხალხის ასეთმა სიმრავლემ, როცა ყოველი მათგანი ცდილობდა შეხებოდა, რათა მისგან კურთხევა მიეღო, ამგვარმა თაყვანისცემამ და მღელვარებამ ნეტარი სიმეონი დაამძიმა. და აი, მან კაცობრივი ამაოებისაგან გასათავისუფლებლად მანამდე გაუგონარი საშუალება მოიფიქრა. იმისათვის, რომ მისულებს მისი შეხება არ შესძლებოდათ, მან სვეტის აშენება და ზედ შედგომა გადაწყვიტა. სვეტზე მან სიგრძით ორი წყრთის ვიწრო საცხოვრებელის მოიწყო და იქ დაიწყო ცხოვრება მარხვითა და ლოცვით. და იყო იგი პირველი ამგვარი განდეგილი. თავდაპირველად სვეტს, რომელზეც სიმეონმა რამდენიმე წელი გაატარა, ექვსი წყრთის სიმაღლე ჰქონდა. შემდეგ სვეტის სიმაღლე ჯერ ოც წყრთამდე, ხოლო შემდეგ 36 წყრთამდე გაიზარდა. ამგვარად, სხვადასხვა სიმაღლის სვეტებით, როგორც კიბეებით, წმიდანი ზეციურ ქვეყანაში ადიოდა. ზაფხულში წვიმით გალუმპული და ხვატით, ხოლო ზამთარში ყინვით დამზრალი, იგი ტანჯვას მოთმინებით იტანდა. მისი საზრდელი გამხმარი ხილი იყო, ხოლო სასმელი - წყალი. მალე მისი სვეტის გარშემო ორი ზღუდე აშენდა. როცა სიმეონის ამგვარი ცხოვრების შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა წმიდა მამებმა შეიტყვეს, მისი უჩვეულო ღვაწლით გაოცენულნი დარჩნენ, რადგან მანამდე სვეტზე შედგომა არავის მოფიქრებია. გამოცდის მიზნით მათ სიმეონს მოციქულების მიუგზავნეს და ჰკითხეს:

- რატომ ჩვენი მამების გზას არ დაადექი და სხვა ახალი გამოიგონე? ჩამოდი სვეტიდან და ძველ მეუდაბნოეთა ცხოვრებას მიბაძე.

ამასთან მოციქულები დაარიგეს, რომ თუ სიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ მოუსმენდა და ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებინათ, რადგან მაშინ, მათივე თქმით, ცხადი გახდებოდა, რომ მისი ცხოვრების ახალი სახე ღვთისაგან იყო. როცა წარგზავნილები სიმეონთან მივიდნენ და წმიდა მეუდაბნოე მამათა კრებულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამცნეს, მან კიბეზე ფეხი მაშინვე ჩამოდგა და ჩამოსვლა მოისურვა.

ეს რომ დაინახეს, მოციქულებმა დაუძახეს:

- ნუ, ნუ ჩამოხვალ, წმიდაო მამაო, არამედ სვეტზე დარჩი; ახლა ჩვენ ვიცით, რომ შენს მიერ დაწყებული საქმე ღვთისგანაა. დაე, იგი ბოლომდე გეწეოდეს.

სიმეონს წმ. მელეტის მემკვიდრე, ანტიოქიის პატრიარქი დომნინიც ესტუმრა. როცა მისი სამყოფელი მოინახულა, პატრიარქი გაოცდა და მესვეტეს სულისათვის სასარგებლო თემებზე ხანგრძლივად ესაუბრა. შემდეგ მან ღვთისმსახურება აღასრულა, რომელზეც ორივენი ეზიარნენ.

ამის შემდეგ პატრიარქი ანტიოქიაში დაბრუნდა, წმინდანი კი აღიჭურვა რა უხილავი მტრის წინააღმდეგ, კიდევ უფრო დიდ ღვაწლს მიეცა. მაშინ ყოველგვარი სიკეთის მოძულე ეშმაკმა ნათლის ანგელოზის სახე მიიღო და წმინდანს ცეცხლოვან ცხნებშებმულ ცეცხლოვან ეტლში ეჩვენა, რომელიც თითქოს ზეციდან ჩამოდიოდა და უთხრა: - მისმინე სიმეონ! ცისა და ქვეყნის ღმერთმა, როგორც ხედავ ცხენებშებმული ეტლით შენთან გამომგზავნა, რათა ვითარცა ელია ზეცად აგიყვანო, რამეთუ შენი წმინდა ცხოვრების გამო ამგვარი პატივი დაიმსახურე. უკვე დადგა ჟამი, რომ ნაყოფი შენი ღვაწლისა იგემო და გვირგვინი დიდებისა უფლის ხელიდან მიიღო. მაშ, მონავ ღვთისა, ისწრაფე ხილვა შემოქმედისა შენისა და თაყვანისცემა მისი, ვინც თავის ხატად შეგქმნა. შენი ხილვა ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მოწამეებს სურთ.

 

წმიდანმა მტრის ცდუნება ვერ გამოიცნო და თქვა:

- უფალო, ნუთუ ჩემი, ცოდვილის ზეცად აყვანა გსურს? მაგრამ როცა სიმეონმა მარჯვენა ფეხი ასწია ცეცხლოვან ეტლზე დასადგმელად თან პირჯვარიც გადაისახა, მაშინ ვითარცა მტვერი ეშმაკი ეტლიდან გაქრა. სიმეონი მიხვდა, რომ ეშმაკი აცდუნებდა, შეინანა და ფეხი, რომლითაც ეშმაკის ეტლზე აბიჯება სურდა, იმით დასაჯა, რომ მთელი წელი მხოლოდ მასზე იდგა. ეშმაკმა მისი ამგვარი ღვაწლი ვერ აიტანა და წმიდანს ფეხზე საშინელი წყლული გაუჩნდა; დაპალ ხორცში მრავალი მატლი გაჩნდა და სვეტიდან მიწაზე წყლულებიდან გადმოსული მატლებიანი ჩირქი მოედინებოდა. ერთი ჭაბუკი, სახელად ანტონი, მოწამის ბრძანებით მიწაზე ჩამოვარდნილ მატლებს აგროვებდა და ისევ მასთან აჰქონდა სვეტზე. წმინდანი კი, რომელიც ვითარცა მეორე იობი, სენს უდიდესი მოთმინებით იტანდა, მატლებს ისევ ჭრილობაშივე ისვამდა და ეუბნებოდა: „ჭამეთ, რაც ღმერთმა გამოგიგზავნათ“.

ამ დროს სიმეონთან სარაცინების (4) მთავარი ვასილიკი მივიდა, რომელსაც წმინდანზე ბევრი რამ გაეგონა, ესაუბრა და დიდი სარგებელიც მიიღო, რადგან ქრისტე ირწმუნა. როცა მთავარმა მიწაზე ჩამოვარდნილი მატლი დაინახა, ხელში აიღო და წავიდა. წმინდანმა იგი მოაბრუნა და ჰკითხა: რატომ აიღე შენი პატიოსანი ხელებით ჩემი დამპალი ხორციდან ჩამოვარდნილი მყრალი მატლი?

ვასილიკმა ხელი გაშალა, მასში ძვირფასი მარგალიტი იპოვა და თქვა:

- ეს მატლი კი არა, მარგალიტია.

- ეს შენი რწმენის გამო მოხდა. - უპასუხა წმინდანმა.

სარაცინმა მისგან კურთხევა მიიღო და წავიდა.

გავიდა მრავალი წელი და როცა მართამ, წმინდანის დედამ, შვილის ამბავი შეიტყო, სანახავად მივიდა. იგი ზღუდის შესასვლელთან გაჩერდა და მწარედ ატირდა, მაგრამ სიმეონმა მისი ნახვა არ მოისურვა და შეუთვალა:

- ახლა ნუ შემაწუხებ დედაო და თუ დავიმსახურებთ, ერთმანეთს იმ ქვეყნად შევხვდებით.

მართას შვილის ნახვა კიდევ უფრო ძლიერ მოუნდა, ხოლო ნეტარმა ისევ ვედრებით შეუთვალა, რომ ცოტა ხანი უხმოდ მოეცადა. დედა ზღუდის კარების წინ დაწვა და სული უფალს მიაბარა. მისი აღსასრულის შესახებ წმიდა სიმეონმა მაშინვე შეიტყო და გვამის სვეტთან მისვენება ითხოვა. როცა მან დედა დაინახა, ცრემლებით დაიწყო ლოცვა მისთვის. ლოცვის ჟამს წმიდა მართას სხეული შეინძრა, ხოლო სახეზე ღიმილი გამოესახა. ყველა, ვინც ეს იხილა, გაოცდა და ღმერთს ადიდებდა. იგი სვეტთან დამარხეს და წმინდანი დედას ყოველდღე ლოცვებში ორჯერ იხსენიებდა. ამის შემდეგ სიმეონს სვეტი ისევ შეუცვალეს და ახალი, უკვე ორმოცი წყრთის სიმაღლისა აუშენეს. ამ სვეტზე იგი ვიდრე აღსასრულამდე იდგა.

იმ ადგილის ახლო-მახლო, სადაც წმინდანმა თავისი საოცარი ცხოვრება გაატარა, წყალი არ იყო. იგი შორიდან მოჰქონდათ, რის გამოც მიმსვლელებიცა და მათი ცხოველებიც ძლიერ იტანჯებოდნენ. როცა სიმეონმა უწყლობით გამოწვეული ამგვარი ტანჯვა იხილა, ღმერთს გულმოდგინედ შეევედრა, რათა მას, ისევე როგორც ოდესღაც უდაბნოში მწყურვალე ისრაელისათვის, წყალი მოეცა. და აი, დაახლოებით ათ საათზე დედამიწა უცებ შეირყა და ზღუდის აღმოსავლეთით გაიბზარა; გაჩნდა გამოქვაბული, რომელშიც სრულიად მოულოდნელად დიდი წყალი აღმოჩნდა. წმინდანმა ბრძანა, რომ ეს ადგილი ირგვლივ შვიდ წყრთაზე კიდევ გაეთხარათ, რის შემდეგაც იქიდან წყალი უხვად გადმოდინდა.

ერთმა ქალმა, რომელსაც ღამით მოწყურდა, წყალთან ერთად პატარა გველიც გადაყლაპა. იგი ქალის მუცელში გაიზარდა. ქალი ბალახივით გამწვანდა. მრავალი ექიმი მკურნალობდა, მაგრამ ამაოდ. ნეტარმა თქვა: „აქაური წყალი დაალევინეთ“. როცა დედაკაცმა წყლის სმა დაიწყო, მისგან დიდი გველი გამოვიდა, სვეტთან მიხოხდა და მყისვე ნაწილებად დაიშალა.

იმ მხარეში ერთი ლეოპარდი ცხოვრობდა, მხეცი დიდი და ფრიად საშინელი, რომელიც ადამიანებსა და საქონელს მუსრს ავლებდა. ვერავინ ბედავდა იმ ადგილებში გავლას, სადაც მხეცი ბინადრობდა, ბევრი უბედურება მიაყენა მან ამ არემარეში მცხოვრებთ. როცა მის შესახებ წმინდანს აცნობეს, მან ბრძანა მისი გალავნიდან მიწა და წყალი აეღოთ და იმ ადგილას, სადაც მხეცი ცხოვრობდა, ირგვლივ მოეყარათ და დაეფშვნათ. ასეც მოიქცნენ. ცოტა ხნის შემდეგ, როცა მხეცი აღარ გამოჩნდა, მოსაძებნად წავიდნენ და მკვდარი იპოვნეს. ლეოპარდი იმ მიწაზე იწვა, რომელიც წმინდანის გალავნიდან იყო აღებული. ამ სასწაულის მნახველი ყველა ღმერთს ადიდებდა.

მალე ამ მხარეში მეორე, პირველზე უფრო მძვინვარე, მხეცი გამოჩნდა, მხეცი მეტყველი. ეს იყო ყაჩაღი ანტიოქიიდან, სახელად იონათანი. ქურდულად და მოულოდენლად ესხმოდა რა თავს სოფლებსა და გარეუბნებს, მან ბევრი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მისი დაჭერა ვერავინ შეძლო, თუმცა გზაზე მრავალი ჩაუსაფრდა. იონათანი ფრიად ძლიერი და მამაცი იყო, ასე რომ, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. როცა ანტიოქიის მოსახლეობა აღელდა და მის დასაჭერად მეომრები გააგზავნა, ყაჩაღმა, რომელმაც მრავალრიცხოვან მდევარს თავი ვერ დააღწია, წმიდა სვიმეონის გალავანთან მიირბინა. იგი სვეტს, ვითარცა მეძავი ქრისტეს ფეხებზე, ისე შემოეხვია და მწარედ ატირდა.

წმინდანმა მას სვეტიდან დაუძახა:

- ვინ ხარ, საიდან და რისთვის მოსულხარ?

მან უპასუხა:

- მე ყაჩაღი იონათანი ვარ, მრავალი ცოდვა ჩავიდინე და ახლა აქ მოვედი, რათა ცოდვები მოვინანიო.

როცა ამას ამბობდა, ანტიოქიელმა მეომრებმაც მოირბინეს და წმინდანს დაუძახეს:

- მამაო, მოგვეცი ჩვენი მტერი ყაჩაღი, რადგან ქალაქში მის დასაგლეჯად უკვე მხეცებიც მზად არიან.

მაგრამ ნეტარმა სიმეონმა მათ უპასუხა:

- შვილნო ჩემნო! იგი აქ მე არ მომიყვანია, არამედ ღმერთმა, რომელსაც ნებავს, რომ მან მოინანიოს, გამოგზავნა ჩემთან; წაიყვანეთ, თუკი შიგნით შემოსვლას შეძლებთ, მე კი არ შემიძლია გამოგიყვანოთ იგი, რადგან ვინ ჩემთან გამოგზავნა, იმისი მეშინია. ეს რომ გაიგონეს, არა თუ გალავანში შესვლა, არამედ წმინდანის საპასუხოდ ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაბედეს. შეშინებული მეომრები უკან გაბრუნდნენ და ყოველივე ანტიოქიელებს უამბეს. ყაჩაღმა სვეტთან შვიდი დღე დაჰყო. აღიარებდა რა ცოდვებს, იგი ტირილითა და გოდებით ღმერთს პატიებას ევედრებოდა. ყველას, ვინც იქ იყო და მის სინანულსა და ტირილს უყურებდა, გული მოულბა. შვიდი დღე რომ გავიდა, ყაჩაღმა წმინდანს დაუძახა:

 - მამაო, წასვლას ხომ არ მიბრძანებ?

- შენს ბოროტ საქმეებს ხომ აღარ დაუბრუნდები? - ჰკითხა მას სიმეონმა.

- არა მამაო, - უპასუხა მან, - ჩემმა ჟამმა მოაწია. ამას რომ ამბობდა, იოანათანმა სული უფალს მიაბარა. როცა წმიდა მამის მოწაფეები ყაჩაღის გვამს მიწას აბარებდნენ, ანტიოქიიდან მხედართუფროსები მოვიდნენ ყვირილით:

- მამაო, მოგვეცი ჩვენი მტერი, რომლის გამოც მთელი ქალაქი ღელავს.

მაგრამ წმინდანმა უპასუხა:

- ვინც იგი ჩემთან მოიყვანა, ზეციურ მხედრობასთან ერთად მოვიდა და მონანიებით განწმენდილი თავისთან წაიყვანა; ასე რომ ნუღარ შემაწუხებთ.

გარდაცვლილი ყაჩაღი რომ დაინახეს, მხედართუფროსები შეძრწუნდნენ და ღმერთს ადიდებდნენ, რომელმაც ცოდვილის სიკვდილი არ ინება. ისინი უკან გაბრუნდნენ და რაც წმინდანისაგან მოისმინეს და რაც ნახეს, ქალაქს აცნობეს.

ღირსი მამა სიმეონ მესვეტე (459)

(გაგრძელება)

იდგა რა ვითარცა სანთელი სასანთლეზე, სიმეონი, ჩვენი წმიდა მამა, იყო ნათელი სამყაროსი, რომელიც კერპთმსახურების სიბნელეში მყოფ ხალხებს უნათებდა და ჭეშმარიტი ღვთის შეცნობის სინათლისაკენ მიუძღვებოდა. დიდება უფლის საკვირველ მადლს, რომელიც მასში მოქმედებდა. თუმცა ერთ ადგილზე იდგა, იმდენი მოაქცია, თითქოს მთელი სამყარო სწავლებითა და ქადაგებით შემოევლო. ვითარცა მზე, თავისი სათნო ცხოვრების სხივებს ისე ასხივებდა და ტკბილი მოძღვრებით იმ მხარის ქვეყნებს ანათლებდა. მის სვეტზე ნახავდით სპარსელებსა და სომხებს, რომელნიც წმინდა ნათლობას იღებდნენ, ხოლო ისმაილიტები ჯგუფ-ჯგუფად - ორას-ორასი ან სამას-სამასი, ზოგჯერ კი ათასობითაც მოდიოდნენ; ისინი ხმამაღლა უარყოფდნენ მამათა ცდომილებებს და კერპებს, რომელთაც ძველთაგანვე თაყვანს სცემდნენ, სვეტზე ამსხვრევდნენ და ფეხებით თელავდნენ. იღებდნენ რა ჭეშმარიტი სარწმუნოების სჯულს, რომელიც წმინდანის თაფლმდინარე ენიდან მოედინებოდა, ზიარების წმიდა საიდუმლოს მიღების ღირსნი ხდებოდნენ და წმიდა სახარების ნათლით განათლებულნი სამშობლოში დიდი სიხარულით ბრუნდებოდნენ.

ერთი სპარსელთა მხედართუფროსი, რომლის ნათესავიც სნეული იყო, წმინდანს შეევედრა სნეულისათვის განკურნება მიენიჭებინა. სიმეონმა ბრძანა სნეული სვეტთან მიეყვანათ და ჰკითხა:

- მამათა შენთა ბოროტმსახურებას უარყოფ?

მან თქვა:

- უარვყოფ.

- გრწამს მამა, ძე და სული წმიდა?

სნეულმა აღიარა, რომ ყოველივე ეჭვის გარეშე სწამდა. მაშინ წმიდანმა უთხრა: „აღსდექ“ და ჭაბუკიც მყისვე ჯანმრთელი წამოდგა, თითქოს ავად არც ყოფილიყო. მისი გამოჯანსაღება რომ უფრო თვალსაჩინო გაეხადა, ნეტარმა ჭაბუკს მხედართუფროსის, რომელიც მსუქანი იყო, მხრებზე შესმა და ბანაკში მიყვანა უბრძანა. იგი ასეც მოიქცა. ჭაბუკმა მხედართუფროსი მხრებზე, როგორც ძნა, ისე მოიგდო. ვინც ეს იხილა, ყველა ადიდებდა ღმერთს, რომელიც მისი წმინდანის მიერ ასეთ სასწაულებს სჩადიოდა.

სიმეონს წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონდა, რადგან გვალვა, შიმშილი და ჟამიანობა ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ასევე ახდა მისი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ოცდაათი დღის შემდეგ მკალი მოფრინდებოდა. ერთხელ მან ჩვენებაში ორი კვერთხი იხილა, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს დაეცა. ამ ჩვენების შესახებ წმინდანმა მასთან მყოფთ მოუთხრო და იწინასწარმეტყველა, რომ სპარსელები და სკვითები ბერძნულ-რომაულ ოლქებს დაესხმოდნენ თავს. წმიდა სიმეონი განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღმერთს ცრემლებით ევედრებოდა, ქრისტიანებისათვის მისი სამართლიანი რისხვა და სასჯელი აეცილებინა. უფალმა მისი ვედრება შეისმინა: სპარსულმა ლაშქარმა, რომელიც ბრძოლისათვის მზად იყო, ღვთის ნებით სალაშქროდ წასვლა დააგვიანა. ამ დროს თვითონ სპარსელებში დაიწყო შინაური განხეთქილება, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ თავიანთ განზრახვაზე ხელი აეღოთ.

ერთხელ წმინდანმა შეიტყო, რომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ იუდეველებს სამლოცველო სახლი, რომელიც ქრისტიანებს ჰქონდათ გადაცემული, დაუბრუნა. მან მაშინვე წერილი გაუგზავნა მეფეს და ღვთის რისხვით დაემუქრა. წერილმა იმპერატორი შეაშინა და სამლოცველო სახლის ისევ ქრისტიანებისათვის გადაცემა ბრძანა, ხოლო ქალაქის თავი, რომელმაც ტაძრის იუდეველებისათვის დაბრუნება ურჩია, თანამდებობიდან გადააყენა. თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმიდანს, რომელშიც მას შენდობასა და ღვთის წინაშე მისთვის ლოცვას ევედრებოდა. მეფის მეუღლე, დედოფალი ევდოკია, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ ევტიქიანელთა ერესმა ჩაითრია, გონს წმიდანის წერილებმა მოიყვანა, რომელთაც მისგან მთელი ოთხი თვის მანძილზე იღებდა და ისევ ღვითსმოსაობის გზას დაადგა. მოქცევის შემდეგ მან კიდევ ოთხი წელი იცხოვრა სინანულით და ღირსი გახდა ნეტარი აღსასრულისა იერუსალიმში, სადაც იგი მის მიერვე დაარსებული პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. თეოდოსი უმცროსის შემდეგ მეფობა მარკიანემ მიიღო, რომელიც ხშირად ფარულად ნახულობდა წმინდანს  და მისგან სასარგებლო რჩევა-დარიგებას იღებდა.

ისმაილიტების დედოფალმა, რომელიც უშვილო იყო, წმიდა სიმეონს მოციქულები გაუგზავნა და სთხოვა მისთვის ელოცა. დედოფალი იმედოვნებდა, რომ მისი წმიდა ლოცვების წყალობით დედა გახდებოდა. მართლაც მას მალე ვაჟი შეეძინა. დედოფალი ჩვილთან ერთად წმინდანისაკენ მიმავალ გზას დაადგა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ ქალებს მისი ნახვის უფლება არ ჰქონდათ (სიმეონმა დედის ნახვაც კი არ ისურვა), ჩვილი მსახურებს გაატანა და დააბარა:

- აი მამაო, ნაყოფი შენი წმინდა ლოცვებისა, აკურთხე ჩვილი.

და რაღა ვთქვათ წმინდანის სხვა მრავალ მიუწვდომელ ღვაწლზე? მათი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რადგან ეს ადამიანურ ძალას აღემატება.

„ - მე,  - ამბობს ნეტარი თეოდორიტე, - უწინარეს ყოვლისა, მისი მოთმინება მაოცებს: დღე და ღამე ყველას დასანახად დგას“. ერთხელ კარები და კედლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ჩამოინგრა და სანამ მათ ხელახლა გააკეთებდნენ, კარგა ხნის მანძილზე წმინდანის ხილვა ყველას შეეძლო. მაშინ ეს ახალი და საკვირველი სანახაობა ყველამ იხილა. იგი ხან უძრავად იდგა, ხან ღმერთს ევედრებოდა და მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემდა. ერთ-ერთი იმათგანი, რომელნიც სვეტთან იდგნენ, ჰყვებოდა, რომ სურდა დაეთვალა მეტანიები, რომელთაც მოღვაწე განუწყვეტლივ აღასრულებდა. როცა ათასორასორმოცდაოთხამდე მივიდა, ძალა გამოელია, მაღლა ყურება ვეღარ შეძლო და თვლა შეწყვიტა, წმინდანს კი არაფერი დატყობია. რადგანაც იგი საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა და ისიც ძალიან ცოტასა და მსუბუქს, თვითონაც მსუბუქი იყო და მრავალი მეტანიის შესრულება შეეძლო. ხანგრძლივად ფეხზე დგომისაგან წმიდა სიმეონს მეორე ფეხზეც შეუხორცებელი წყლული გაეხსნა, საიდანაც სისხლი უხვად სდიოდა, მაგრამ ვერც ამ ტანჯვამ მოსწყვიტა იგი ღმერთზე ფიქრს.

ნებაყოფლობითმა მოწამემ ყოველივე მამაცურად დაითმინა, მაგრამ ერთხელ მაინც გახდა იძულებული თავისი წყლული ეჩვენებინა. მასთან არაბეთიდან ერთი მღვდელი მივიდა, კაცი კეთილი და ღვთივშთაგონებული და ჰკითხა:

- თავად ჭეშმარიტების სახელით გეკითხები, რომელმაც კაცთა მოდგმა თავისკენ მიიზიდა, ადამიანი ხარ თუ უხორცო არსება?

- რატომ მეკითხები? - ჰკითხა წმინდანმა.

- შენს შესახებ გამიგია, რომ არ ჭამ, არ სვამ და არ გძინავს, მაგრამ ეს ადამიანისათვის შეუფერებელია, კაცს ხომ საჭმელ-სასმელისა და ძილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

მაშინ წმიდანმა მღვდელს სვეტზე ასვლა უბრძანა და ნება მისცა ენახა და შეხებოდა წყლულს, რომელიც ჩირქითა და მატლებით იყო დაფარული. მღვდელი, რომელმაც წყლული ნახა და გაიგო, რომ წმინდანი კვირაში მხოლოდ ერთხელ ჭამდა, მისი მოთმინებითა და ღვაწლით გაოცებული დარჩა.

მიუხედავად ამგვარი ღვაწლისა, მრავალრიცხოვანი სასწაულებისა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებისა, იგი ისეთი მშვიდი და თავმდაბალი იყო, თითქოს ადამიანთა შორის ყველაზე უარესი და უზნეო ყოფილიყო. მისი სახე ყველასათვის, როგორც დიდებულისა და მდიდრისათვის, ასევე მონისა, ღატაკისა და უკანასკნელი მტარვალისათვისაც კი, ნათელსა და სიყვარულს ასხივებდა, რადგან მიკერძოება რა იყო, არ იცოდა. ვერავინ ძღებოდა მისი წმიდა სახის ჭვრეტითა და ტკბილი საუბრის მოსმენით, რადგან პირი მისი სული წმიდის მადლით აღსავსე იყო. ჰქონდა რა უფლისაგან მინიჭებული სიბრძნე, იგი ყოველდღე მსმენელთა გულებს მოძღვრების მდინარით აღავსებდა. მრავალმა, მისი სწავლებით შთაგონებულმა, ყოველივე მიწიერი დათმო და ვითარცა ფრინველი, სიმაღლეზე აფრინდა, - ერთნი მონასტრებში წავიდნენ, მეორენი - უდაბნოში, ხოლო სხვანი საცხოვრებლად მასთან დარჩნენ.

წმიდა სიმეონის ცხოვრების წესი ასეთი იყო: მთელი ღამის განმავლობაში, დილის ცხრა საათამდე იგი ლოცვად იდგა, ცხრა საათის შემდეგ სვეტთან შეკრებილებს ასწავლიდა; შემდეგ მასთან მისულების გასაჭირსა და სათხოვარს ისმენდა; სნეულებს კურნავდა; ადამიანთა შორის შფოთსა და კამათს აწყნარებდა და მშვიდობას აღადგენდა, და ბოლოს, მზის ჩასვლისას, ისევ ლოცვას იწყებდა. მიუხედავად ამგვარი მძიმე ჯაფისა, მას ზრუნვა ეკლესიის სიმშვიდისათვის არ შეუწყვეტია: ანადგურებდა წარმართთა უსჯულოებას, ებრძოდა იუდეველთა მკრეხელობას, ამხელდა ერეტიკულ მოძღვრებებს; თავისი ბრძნული და სასარგებლო წერილებით მეფეებს, მთავრებსა და საერთოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ღვთისმოშიშებისა, გულმოწყალებისა და სიყვარულისაკენ წარმართავდა, ღვთის ეკლესიის დაცვისაკენ მოუწოდებდა და სულისათვის მარგებელს ბევრს რამეს ასწავლიდა. ასე გაატარა საოცარი ცხოვრება, რომელიც კაცობრივი ბუნებისათვის აუტანელი ჩანდა და იყო რა ასზე მეტი წლისა, თავის აღსასრულს მიუახლოვდა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრებიდან ოთხმოცი წელი სვეტზე იდგა. წმიდა სიმეონმა სათნოებაში სრულყოფილებას მიაღწია, იგი ჭეშმარიტად იყო მიწისა ანგელოზი და ზეცისა კაცი.

წმინდანის ნეტარ აღსასრულზე მისი მოწაფე ანტონი ასე მოგვითხრობს: „ერთ დღეს, კერძოდ პარასკევს, ცხრა საათის შემდეგ, როცა ჩვენ მისგან ჩვეულებრივ დამოძღვრასა და კურთხევას ველოდებოდით, სვეტიდან არ გადმოგვხედა; იგივე განმეორდა შაბათსაც, ვერც კვირას მოვისმინეთ მისი მამობრივი ქადაგება.

მე შევშინდი, სვეტზე ავედი და დავინახე წმინდანი, რომელიც როგორც ლოცვისას თავდახრილი და გულზე ხელებდაკრეფილი იდგა. მეგონა რა რომ იგი ლოცულობდა, ჩუმად დავდექი, ხოლო შემდეგ მივუახლოვდი და ვუთხარი:

- მამაო, გვაკურთხე, რადგან ხალხი სამი დღე და ღამე სვეტთან დგას, შენს კურთხევას ელოდება.

მან არ მიპასუხა. მაშინ კვლავ გავუმეორე:

- მამაო, რატომ არ პასუხობ მწუხარებაში ჩავარდნილ შენს შვილს! ნუთუ რაიმეთი გაწყენინე? გამომიწოდე ხელი შენი, რათა გეამბორო.

პასუხი ისევ ვერ მივიღე. ასევ ვიდექი მის წინ ნახევარი საათი, ბოლოს შევეჭვდი და ვიფიქრე: ხომ არ წავიდა იგი უკვე უფალთან? ყური მივუგდე, სუნთქვა აღარ ისმოდა, ხოლო მისი სხეულისაგან, ვითარცა სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილისაგან, კეთილსურნელება იფრქვეოდა. მაშინ მივხვდი, რომ მან უფალში განისვენა, მწუხარებამ შემიპყრო და მწარედ ავტირდი. მივედი მასთან, დავაწვინე, მისი წმიდა გვამი შევსუდრე, თვალებს, წვერს, სახესა და ხელებს ვუკოცნიდი და ვამბობდი:

- ვისთან მტოვებ მამაო? შენი ტკბილი სწავლება სად მოვისმინო? შენი ანგელოსებრივი საუბრით სად გავძღე? ან რა პასუხი გავცე ხალხს, რომელიც შენს კურთხევას ელოდება? რა ვუთხრა სნეულებს, რომლებიც კურნების მისაღებად მოვლენ? ვინ იქნება, რომელიც ჩენს სვეტს დაცარიელებულს, ლამპრის გარეშე იხილავს და არ ატირდება? რომელი შორიდან მოსული არ აქვითინდება, როცა ვეღარ გიპოვის და აღარ დახვდები? ვაი ჩემდა!

ასე დავტიროდი სულში მწუხარებაჩამდგარი, ბოლოს ჩავთვლიმე და აი, წმინდანი, ვითარცა მზე, წარმომიდგა და მითხრა:

- მე ამ სვეტს, ამ ადგილს და ამ კურთხეულ მთას არ დავოტვებ. ჩადი და ხალხს კურთხევა მიეცი, რადგან მე უკვე განვისვენე. უფალმა ასე ინება. ნუ მოუყვები მათ ჩემს შესახებ, რათა ხმა არ გავარდეს, არამედ ჯერ ანტიოქიაში შეატყობინე.  შენ ამ ადგილას უნდა იმსახურო და სამაგიეროს შენი ღვაწლისათვის ღმერთი მოგაგებს.

ძილისაგან გამოვფხიზლდი და ათრთოლებულმა ვუთხარი: „არ დამივიწყო მამაო, შენს წმინდა სავანეში“. მის წმინდა ფეხებთან დავემხე და ვეამბორე, მისი ხელი ავიღე, თვალებზე დავიდე და ვუთხარი: „მამაო, მაკურთხე“, და ისევ მწარედ ავტირდი. შემდეგ წამოვდექი, რათა მომხდარისს შესახებ არავის შეეტყო, ცრემლები შევიმშრალე, სვეტიდან ჩამოვედი და ერთი ერთგული ძმა წმინდანის გარდაცვალების შესატყობინებლად ანტიოქიაში, პატრიარქ მარტიტიოსთან გავაგზავნე. მალე მოვიდა პატრიარქი სამ ეპისკოპოსთან ერთად და ქალაქის თავი მეომრებითურთ. უამრავი ხალხი მოვიდა არა მხოლოდ ანტიოქიიდან, არამედ ახლო-მახლო ქალაქებიდან და სოფლებიდან. მონასტრებიდან სანთლებითა და საცეცხლურებით მოვიდნენ ბერები. მრავალრიცხოვანი სარაცინი მდინარესავით მოედინებოდა, რადგანაც ცნობა წმინდანის გარდაცვალების შესახებ, ვითარცა ქარით წაღებული, სწრაფად გავრცელდა.

პატრიარქი ეპისკოპოსებთან ერთად ავიდა სვეტზე და წმინდა ნეშტი დაბლა ჩამოასვენა. მთელი ხალხი ტიროდა; სვეტის გარშემო ყველას დასანახად ფრინველებიც კი გუნდ-გუნდად დაფინავდნენ, თითქოს სამყაროში ამგვარი ნათლის აღსასრულს დასტიროდნენ. ხალხის ერთობლივი ტირილის ხმა შვიდი სტადიონის მანძილზე ისმოდა. ჰაერი ისეთი ბნელით იყო მოცული და ისეთი შავი ღრუბლები ირეოდნენ, თითქოს ახლო-მახლო მთები, ველები და ხეებიც ადამიანებთან ერთად წუხდნენ და ტიროდნენ. მე წმინდანის ნეშტთან ანგელოზი ვიხილე, სახე მისი იყო ვითარცა ელვა, ხოლო სამოსელი - ვითარცა თოვლი. მას შვიდი ბერი ესაუბრებოდა; მათი ხმებიც მესმოდა, მაგრამ რას ამბობდნენ ვერ გავიგე, რადგან შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო“.

იმ დღეს, როცა წმიდა სიმეონი მიიცვალა, მისმა მოწაფემ და მისი წმიდა ცხოვრების მიმბაძველმა წმიდა დანიელმა (ხს. 11 დეკემბერს)(ეს მოხდა ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ იგი შავი ზღვის სანაპიროზე, კონსტანტინეპოლის ახლოს სვეტზე ასვლას განიზრახავდა), იმ მხარეს, სადაც წმინდანის სვეტი იდგა, მრავალი ზეციური მხედარი იხილა, რომელთაც წმიდა სიმეონის სიხარულით გაცისკროვნებული სული მიწიდან ზეცაზე აჰყავდათ. იგივე იხილა ნეტარმა ავქსენტიმაც (ხს. 14 თებერვალს) (ეს ის ავქსენტია, რომელიც ქალკედონის კრებაზე უდაბნოდან იქნა გამოხმობილი), რომელიც იმ დროს ბეთანიაში (სოფელი იერუსალიმის ახლოს) იმყოფებოდა.

როცა წმიდა სიმეონის ნეშტი მომზადებულ საკაცეზე დააწვინეს, პატრიარქმა ხელი გაიწვდინა, რათა მისი კურთხეული ხსოვნისათვის წვერიდან რამდენიმე ღერი თმა ამოეღო, მაგრამ ხელი მყისვე შეახმა. იგი მხოლოდ ღვთისა და ღვთის სათნო კაცის წინაშე ყველას გულითადი ლოცვით განიკურნა. წმინდანის ნეშტის შესახვედრად, რომელიც ფსალმუნების გალობით ანტიოქიაში გადაასვენეს, მთელი ქალაქი გამოვიდა. მათ შორის იყო ერთი ყრუ-მუნჯიც, დაახლოებით ორმოცი წლისა, როგორც კი წმინდანის ნეშტი იხილა, მას სმენაც და ენაც მაშინვე აეხსნა, გახარებული მის წინაშე დაემხო და წარმოსთქვა:

- კეთილად მოხველ, მონავ ღვთისაო, რადგან შენი მოსვლით განვიკურნე.

ანტიოქიის მცხოვრებლებმა ოქროსა და ვერცხლზე ძვირფასი სხეული დიდი საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს, სადაც მან მრავალი სასწაული მოახდინა და ბევრი სნეული განკურნა. რამდენიმე წლის შემდეგ წმინდანის ნეშტი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში გადაასვენეს.

წმიდა სიმეონი ლეონ დიდის, კერძოდ, მისი მეფობის მე-3 ე.ი. 459 წელს მიიცვალა. მეფე ლეონმა ანტიოქიაში მოციქულები მიავლინა და წმინდანის ნეშტის კონსტანტინეპოლში გადასვენების ნებართვა ითხოვა, მაგრამ ანტიოქელებმა ამგვარი მფარველის დაკარგვა არ მოისურვეს და მეფის მოციქულებს მიუგეს:

- რადგან ჩვენს ქალაქს ქვის კედელი აღარა აქვს, რომელიც ნაწილობრივ მეფის რისხვისა და ნაწილობრივ დიდი მიწისძვრის გამო შეიმუსრა, წმიდა სვიმეონის ნეშტი იმიტომაც მოვასვენეთ, რომ იგი ჩვენს კედლად და მცველად გვყოლოდა.

 

 

 

 

იმ ადგილას, სადაც წმიდა სიმეონის სვეტი იდგა, მის სახელზე ჯვრის ფორმის მშვენიერი ტაძარი აიგო და დიდი მონასტერი დაარსდა. წმინდანმა თავისი დაპირება, რომელიც თავის მოწაფეს, ანტონის უთხრა, აღასრულა: მას თავისი ადგილ-სამყოფელი არ დაუტოვებია, რადგან სასწაულებისა და სნეულთა კურნების მადლი ამ ადგილს არ მოჰკლებია. ყოველს წელს მისი ხსენების დღეს სვეტზე დიდი ვარსკვლავი ჩნდებოდა და მთელ ამ მხარეს ანათებდა. ამ ვარსკვლავის გამოჩენას მრავალი ისტორიკოსი, მათ შორის ევაგრე სქოლასტიკოსიც ადასტურებს, რომელმაც ყოველივე საკუთარი თვალებით იხილა. იგივე ევაგრე წერს, რომ ეს წმ. ადგილი ქალებისათვის მიუღწეველი იყო; ყოველმხრივ უფრთხილდებოდნენ, რომ ქალის ფეხი არ გაკადნიერებულიყო და ზღურბლს არ შეხებოდა, რომლის გადალახვის უფლება თვით წმინდანის დედასაც კი არ მიეცა. მოგვითხრობენ, რომ ერთმა ქალმა მამაკაცურად გადაიცვა და წმიდა სიმეონის ტაძარში შესვლა ასე მოინდომა, მაგრამ ტაძრის ზღურბლს შეეხო თუ არა, მყისვე მკვდარი დაეცა. თუ ქალები იქ მაინც მიდიოდნენ, როგორც ნიკიფორე კალისტი წერს, გალავანთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, არამედ შორს დგებოდნენ და სვეტისაკენ მზერამიპყრობილნი ლოცულობდნენ.

ყველას, ვინც კი რწმენით მოდიოდა, წმინდანის მადლი არ მოჰკლებია. ისინი შემწეობასა და კურნებას იღებდნენ და უკან სიხარულით ბრუნდებოდნენ, ჰმადლობდნენ რა მამას, ძესა და სული წმიდას, ერთარსება სამება ღმერთს, რომლისა არს პატივი, დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

მოთხრობა (5) დიაკონ მინაზე, რომელმაც მონაზვნობა დაუტევა და ერისკაცობას  დაუბრუნდა, მაგრამ წმიდა მამის სიმეონის მეოხებით ისევ შეიმოსა და გადარჩა

გვითხრობდა ჩვენ გიორგი (6) ერთ ძმაზე, რომელსაც მინა ერქვა და რომელიც იქ დიაკონი იყო.

„გამოვიდა იგი მონასტრიდან და რა გადახდა თავს, არ ვიცი, მაგრამ მონაზვნობა დაუტევა და ერისკაცობას დაუბრუნდა. ამ ამბიდან მრავალი დღე გავიდა. ერთხელ იგი ღვთის ქალაქში, ანტიოქიაში (7) მიდიოდა. როცა სელევკიას გასცდა, შორიდან სიმეონ მესვეტის მონასტერი დაინახა და თავისთვის თქვა: „წავალ, დიდ სიმეონს ვნახავ, რადგან იგი არასოდეს მინახავს“. როცა სვეტს ისე მიუახლოვდა, რომ წმინდანმა დაინახა, სიმეონმა, რომელსაც ღვთისაგან ეცნობა, რომ მინა ბერი იყო და დიაკვნად მსახურობდა, მსახურს დაუძახა და უთხრა:

- მაკრატელი მომიტანე.

მსახურმა მოუტანა. სიმეონმა მას უთხრა:

- კურთხეულ არს უფალი, გაკრიჭე იგი და თითით მინაზე მიუთითა, რომელიც სვეტთან შეკრებილ მრავალ ადამიანთა შორის იდგა.

წმინდანის სიტყვების გაოცებულსა და უდიდესი შიშით შეპყრობილ მინას, წინააღმდეგობის გაწევა არც კი უფიქრია, რადგან მიხვდა, რომ ბერს მის შესახებ ღმერთმა აცნობა. როცა გაკრიჭეს, დიდმა სიმეონმა უთხრა: „ილოცე დიაკონო“, ხოლო ლოცვის შემდეგ წმინდანმა დაამატა: „დაბრუნდი რაითაში, საიდანაც წამოხვედი“.

მაშინ მინამ უპასუხა: „არ შემიძლია ავიტანო შერცხვენა მამებისაგან“.

სიმეონმა უთხრა:

- მერწმუნე, შვილო, იმაში, რაც ახლა მოხდა, არაფერია სამარცხვინო. მამებიც მშვიდობით მიგიღებენ და შენი დაბრუნება მათ სიხარულსა და მხიარულებას გამოიწვევს. იცოდე, ღმერთი ნიშანს გამოგიგზავნის, რომლითაც მიხვდები, რომ ცოდვა გაპატია, რადგან მისი მოწყალება გამოუთქმელია.

როცა მინა რაითაში მივიდა, მამება იგი გულში ჩაიკრეს და ხარისხიც შეუნარჩუნეს. ერთ კვირა დღეს, როცა მას ცხოველმყოფელი სისხლი მიჰქონდა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, უეცრად ერთი თვალი ამოუვარდა. ამ ნიშნით მამები მიხვდნენ, რომ, როგორც წმიდა სიმეონმა თქვა, უფალმა მას აპატია ცოდვა. (8)

 

სასწაული, რომელიც წმიდა სიმეონმა ხუცესზე ჩაიდინა

ერთი ხუცესი ეკლესიის კარიბჭესთან იჯდა და წმიდა სახარებას კითხულობდა. და აი მასთან შავი და ბნელი ღრუბლის სახით ბოროტი სული მივიდა და ვითარცა ბარტყულა, თავზე შემოეხვია; და ჩაქრა მისთვის ნათელი და წაერთვა გონება, ყველა ძვალი მისი დაუძლურდა და ლაპარაკის უნარიც წაერთვა. ეკლესიაში მოსულებმა იგი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს; ცხრა წელი ისე გავიდა, რომ ვინმეს დახმარების გარეშე ხუცესს გვერდის მონაცვლებაც კი არ შეეძლო. წმიდა სიმეონის შესახებ რომ შეიტყვეს, შინაურებმა ავადმყოფი წმინდანთან სარეცლით წაიყვანეს. სანამ მონასტერთან მივიდოდნენ, გზად შეისვენეს. წმიდა სიმეონს, რომელიც ლოცვად იდგა, ხუცესის შესახებ უკვე ეუწყა. შუაღამისას მან ერთი მოწაფეთაგანი იხმო და უთხრა:

- აქედან წყალი აიღე და სასწრაფოდ გაეშურე. შენ ერთ ხუცესს იპოვნი, რომელიც სარეცლით მოჰყავთ. ეს წყალი ასხურე და უთხარი: „გეუბნება შენ ცოდვილი სიმეონი: სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღდექ, დატოვე სარეცელი შენი და ჩემთან შენი ფეხით მოდი“.

მოწაფე წავიდა და ისე მოიქცა, როგორც წმინდანმა დაარიგა. ხუცესი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა, წმიდა სიმეონთან თავისი ფეხით მივიდა და მის წინაშე დაემხო. წმინდანმა უთხრა:

- ადექი, ნუ გეშინია! თუმცა ეშმაკმა ცხრა წელი გაგტანჯა, მაგრამ შენი ბოლომდე დაღუპვა კაცთმოყვარე ღმერთმა არ ინება. იმის გამო, რომ წმიდა საკურთხეველთან სიწმინდეს ღვთის შიშის გარეშე, შეურაცხმყოფელადაც კი ექცეოდი, ცილისმწამებლებს, რომელნიც მახლობლებს ფარულად განსჯიდნენ, ჭეშმარიტების გარკვევამდე უსმენდი და უდანაშაულოებს, რომელთაც ცილს სწამებდნენ, წმიდა ზიარებისაგან განყენებით შეურაცხყოფდი და ყოველივე ამით კაცთმოყვარე ღმერთს წყენას აყენებდი, ხოლო ეშმაკს ფრიად ახარებდი - ამიტომ ეშმაკმა შენზე ძალა მოიპოვა. მაგრამ შენზე ღვთის კაცთმოყვარებაცა და მოწყალებაც განმრავლდა. ისინი, რომელნიც შენ განყენებით დაამწუხრე, ძლიერ ავად არიან და შენთვის ლოცულობენ, რომ გამოჯანმრთელებულმა მიუტევო; ისე მოწყალედ მოექეცი მათ, როგორც შენ უფალი მოგექცა. აქედან მიწა წაიღე და მათზე მიმოაბნიე.

მადლობდა რა ღმერთს, ხუცესი სიხარულით წავიდა და ისე მოიქცა, როგორც წმინდანმა უბრძანა. ავადმყოფებიც მყისვე განიკურნენ და ღმერთს ადიდებდნენ. (9)

 

ტროპარი ღირსისა სვიმეონ მესვეტისა

სვეტ-მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა ღირსო, იობს ვნებათა შინა, და იოსებს განსაცდელსა, და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა. მამაო წმიდა სვიმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი ღირსისა სვიმეონ მესვეტისა

ზენაითა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოსთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი მამა სიმეონ მესვეტე