ღირსი მოსე შავი

 

ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამხანაგებთან ერთად მრავალ ბოროტებას ჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა; დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე დღის შემდეგ მოსე განმარტოებულ კელიაში დაეყუდა და ლოცვასა ად უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს. ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მხრებზე მოიგდო, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.

ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერი ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს არ დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა - სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.

ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა კელიაში გადმოიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოსთან ზიარებოდა და კელიას დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.

ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ ყველგან გავრცელდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და კელია დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის კელია იკითხეს. „არ ღირს მისვლა იმ ცრუ და უღირს ბერთან“, - უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს. ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს მონაზონი თავად მოსე იყო.

უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმიდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გამოეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.

მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შემოვიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და გამოძევებულმა ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი 15 წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და 75 მოწაფე შემოიკრიბა.

როცა ღირს მამას 75 წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობით სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“ (მთ. 26, 52). წმიდა მამასთან სულ 7 ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი მოსე შავი