გაკვეთილი ოცდამეათე

 

წიგნების სკანირება

 

ეს ქართული ხმოვანი პროგრამების შესწავლის დამამთავრებელი გაკვეთილია. საინტერნეტო სივრცეში არსებობს მრავალი ელექტრონული წიგნი და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, მაგრამ ცხადია არსებობს მრავალი წიგნი, რომლებიც არ არიან ჩაწერილები ელექტრონული სახით. ამ დროს ჩვენთვის შეიძლება ძალიან საჭიროა ის წიგნი, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს ელექტრონული სახით. რომ არსებობდეს წიგნის ციფრული ვერსია, საჭიროა მათი ხელახალი აკრეფა, რაც ძალზე შრომატევადია. მხედველებს ამ მხრივ უფრო გაადვილებული აქვთ საქმე. მათ შეუძლიათ წიგნი დაასკანერონ და წაიკითხონ.სკანერს წიგნი კომპიუტერში შეაქვს გრაფიკულ ფორმატში. ეს იგივეა, რაც წიგნს გადავუღოთ ფოტო სურათი. ამ ფორმატს კომპიუტერი აღიქვამს, როგორც სურათს და არ შეუძლია ერთი ასო განასხვავოს მეორისაგან. ლათინური და კირილიცის შრიფტებისთვის სპეციალისტებმა შექმნეს შრიფტების ამომცნობი პროგრამები. როცა კომპიუტერში შეყვანილია წიგნი სურათისებური ანუ გრაფიკულფორმატით, მაშინ გადაატარებენ ასეთ პროგრამებს და მათ გრაფიკული ფორმატი გადაჰყავთ ტექსტურ ფორმატში. ასეთ ფორმატს კი ხმოვანი პროგრამები უკვე ახმოვანებენ. ამ პროგრამებიდან ერთ-ერთია ფაინ რიდერი.

     ქართული შრიფტებისთვის ასეთი სრულყოფილი პროგრამები ჯერჯერობით არ არის შექმნილი. თუმცა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. ქართული შრიფტების ამომცნობ პროგრამებს შორის ერთერთი ქორის თვალია. პროგრამა ბუ-ორის დამუშავების დროს, ჩვენ ვცადეთ ეს პროგრამაც გამოგვეყენებინა მდგომარეობის ცოტათი შემსუბუქებისთვის.

    ახლა გაგაცნობთ ამ პროგრამის გამოყენების წესებს.

    სკანირების ინსტრუქცია

ბუ ორის პროგრამას აქვს საშუალება ქართული ტექსტების სკანირებისა. ამისთვის კომპიუტერს მიერთებული უნდა ჰქონდეს სკანერი და არჩეული იქნეს სკანერის დრაივერი. სკანერის დრაივერის ასარჩევად ვაწვებით კონტროლ - ეფ 8-ს. გამოდის ფანჯარა, სადაც ჩამოწერილი არის სკანერის დრაივერები. ქვედა და ზედა ისრების საშუალებით ვირჩევთ შესაბამის დრაივერს. როგორც წესი, ჩვენს შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ დრაივერი "ვია". არჩევას ვადასტურებთ ენტერით.

   "ვია" დრაივერის "კასტომ სეტინგ"-ში წინასწარ პაინტით ან სხვა პროგრამის საშუალებით დააყენებინეთ გარჩევადობა 300, შავ-თეთრი რეჟიმი და კონტრასტი მინუს 20.

   "ვია" დრაივერის გარეშე ზოგი სკანერი დაასკანერებს  200 გარჩევადობით და ამოცნობის ხარისხი დაბალი იქნება.

ამის შემდეგ ვაყენებთ სკანერის პარამეტრებს. მისი გამოძახება ხდება შიფტ ეფ-8-თი, ხოლო მასში მოძრაობა ხდება ტაბ-ის საშუალებით. ამ ფანჯარაში ჩამოთვლილია სკანერიდან ტექსტის მიღების პარამეტრები. ისეთები როგორიცაა: გამოსახულების მასშტაბირება, თარგის ახლიდან მორგება, დრაივერის ჩვენება, გადაშლილი შეტრიალებული წიგნი, დახრის ავტომატური გასწორება, თითოეული სტრიქონი აბზაცია, პარამეტრების ასარჩევად დააწექით ენტერს. თითოეული პარამეტრი შეგვიძლია ჩავრთოთ ან გამოვრთოთ ხანის საშუალებით, ანუ როცა ვდგავართ რომელიმე პარამეტრზე და გვინდა მისი ჩართვა ვაწვებით დაშორების კლავიშს და პირიქითაც, თუ ჩართულია და გვინდა მისი გამორთვა, მაშინაც ვაწვებით დაშორების კლავიშს და პარამეტრიც გამოირთვება.

გამოსახულების მასშტაბირება - გამოიყენება 200 გარჩევადობით გადაღებისას;

   ახლიდან თარგის მორგება - გამოიყენება ახალი მასალის პირველი გვერდის სკანირების დროს, შემდეგ შეგვიძლია მოცემული წიგნისთვის გამოვრთოთ, რადგან ზედმეტი დრო მიაქვს;

   სკანერის დრაივერის ჩვენება - ჩართული უნდა იყოს თუ ვიყენებთ "ვია" დრაივერს

   გადაშლილი შეტრიალებული წიგნი - გამოიყენება წიგნის სკანირებისას, თუ წიგნს ვდებთ გვერდულად. თუ პირველი სკანირება უშედეგო აღმოჩნდა, შემოვატრიალებთ წიგნს 180 გრადუსით;

   დახრის ავტომატური გასწორება - საჭიროა, რადგან წიგნი შეიძლება ყოველთვის ზუსტად ვერ დავდოთ ანდა თვითონ წიგნს ჰქონდეს ხარვეზი. დახრილი სტრიქონები ამ დროს სწორდება ავტომატურად., ზოგჯერ პროგრამა შეიძლება შეცდეს და არასწორად შეატრიალოს ნაბეჭდი.

   ყოველი სტრიქონი აბზაცია - გამოიყენება ლექსების სკანირებისას, რათა ლექსის სტრიქონები არ გადაებას ერთმანეთს.

ამ პარამეტრების არჩევის დადასტურება ბოლოს ხდება ენტერით (ამას პროგრამაც გვატყობინებს).

  წიგნის სკანირებისათვის გადაშლილ წიგნს ვდებთ სკანერზე. ყოველი ახალი წიგნის სკანირების დროს სასურველია პირველად მოვარგოთ თარგი. ამისათვის უნდა ჩავრთოთ "თარგის ახლიდან მორგება", შემდგომში შეგვიძლია გამოვრთოთ.  სკანირების დაწყებისათვის ვაჭერთ ეფ 8-ს. იმისათვის, რომ გადაღების ხარისხი იყოს კარგი, სასურველია სკანერის სახურავს ოდნავ დავაწვეთ ხელით გადაღების კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით. სკანირება მიმდინარეობს ორ ეტაპად:  სკანირება და ტექსტის ამოცნობა, რასაც შესაბამისად გვატყობინებს პროგრამა. ტექსტის ამოცნობის შემდეგ არჩეულ ფანჯარაში დასკანერებული ტექსტი შემოდის ავტომატურად. ეს ტექსტი შეგვიძლია გადავიტანოთ სხვა ფანჯარაში და იქ დავაგროვოთ შემდგომი სკანირებული ფურცლები. სკანირების და ტექსტის ამოცნობას თან მოჰყვება შეცდომები.შეცდომების გასასწორებლად ვიყენებთ უკვე ნასწავლ მეთოდებს. ძალიან გამოგვადგება შეცდომების გასწორება კონტროლ ასო გეთი გამოძახებული ფანჯრის გამოყენებით.

      გისურვებთ წარმატებას!

 

     ჩვენ შევისწავლეთ ის ხმოვანი ქართული პროგრამები, რომლებიც დღესდღეისობით არის შექმნილი. სწავლა ერთია და პრაქტიკა მეორე. ამ უკანასკნელს დიდი ფასი აქვს. ამ სახელმძღვანელოს შესწავლით თქვენ მოგეცათ ის საწყისი ცოდნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კომპიუტერი გაიხადოთ მეგობრად. დანარჩენი კი მოაქვს დროსა და გამოცდილებას. მე გასწავლეთ კითხვა და დედა ენის პირველი წიგნები. თუ შემდეგ მოინდომებთ შეგიძლიათ უფრო დიდი წიგნებიც წაიკითხოთ. გემშვიდობებით და გულით გისურვებთ გამხდარიყავით წარმატებულნი.

    როცა რამე დაგჭირდებათ გასახსენებლად გამოიყენეთ საძიებო ფანჯარა სიტყვის ჩაწერით. ასე უფრო სწრაფად მოძებნით სასურველ ადგილს. გარდა ამისა მე ცალკე ამოგიწერეთ სახელმძღვანელოს მოკლე კონსპექტი, რომელიც შედგენილია ყოველი თემის განხილვის შემდეგ შედგენილი მოკლე ჩანაწერებისაგან და რომელიც თქვენთვის სულაც არ არის უცხო. იგი უფრო მოსახერხებელია გადასამეორებლად, როცა უკვე ნასწავლი გაქვთ დაწვრილებით შედგენილი გაკვეთილები. ამ კონსპექტს განვათავსებ სავარჯიშოთა საკონტროლო კითხვების პასუხების შემდეგ. იგი თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ,  ცალკე გადმოიწეროთ და გადაიმეოროთ, ან იქვე მოძებნოთ საჭირო ადგილი.

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 31.გაკვეთილი ოცდამეათე-წიგნების სკანირება