ღირსი პიმენი დიდი (+დაახ. 450)

 

ღირსი პიმენი დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მეძიებელმა, ძმებთან - ანუბისა (ხს. 5 ივნისს) და პაისისთან ერთად დაუტევა სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ მოსაგრეებს დედამ ჩამოაკითხა, მაგრამ ისინი კელიებიდან არ გამოვიდნენ. ქალი დიდხანს იდგა და ტიროდა. ბოლოს პიმენმა დახურული კარებიდან გამოსძახა: „თუ ჩვენთან დროებით განშორებას გადაიტან, მომავალ ცხოვრებაში კვლავ გვიხილავ; ღვთის კაცთმოყვარეობის იმედი გვაქვს!“ დედა ამ სიტყვებზე დამშვიდდა და ნუგეშინისცემული დაბრუნდა შინ. ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, ოლქის მმართველმა მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, მთელი ხალხიც მათ მიბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნებაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა. მმართველი დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოსაგრის ნახვა, რომ მან წმიდანის დატუსაღებული ძმისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმიდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისაგან გონდაკარგული და სირბილით მივიდა წმიდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარებიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: „პიმენს შვილები არა ჰყავს - ამიტომ არ ტკივა გული“. მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გამობრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ - მისწერა: „თუ თქვენმა ხელმწიფებამ ჭაბუკის საქმის გადასინჯვა ინებოს, თუ იგი სიკვდილს იმსახურებს - მოკვდეს, რომ დროებითი სასკელით საუკუნო სატანჯველს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ“. წმიდანის ხელნაწრის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გამოუშვა საპყრობილიდან.

ღირსი პიმენი მკაცრი მმარხველი იყო და კვირების, ზოგჯერ მეტი ხნის მანძილზეც არ ღებულობდა საზრდელს; სხვებს კი ურჩევდა, ყოველდღე ეჭამათ, მაგრამ არა სიმაძღრემდე. ერთ ბერს, რომელიც საკუთარ თავს ნებას აძლევდა, მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს მიეღო საჭმელი, ძმებს კი ურისხდებოდა, წმიდანმა უთხრა: „ექვსდღიანი მარხვა გისწავლია, მრისხანებისგან კი ერთი დღეც ვერ იკავებ თავს“. კითხვაზე - რაა უკეთესი - ლაპარაკი თუ დუმილი, მეუდაბნოემ უპასუხა: „ვინც ღვთის სადიდებლად ლაპარაკობს, კარგს აკეთებს, და ვინც დუმს ღვთისათვის - ისიც კარგად იქცევა“; „ხდება ხოლმე, - ამბობდა ნეტარი მამა, - რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან არავის განიკითხავენ“. ბერების შეკითხვაზე: „როცა ღვთისმსახურების დროს მთვლემარე ძმას ვნახავთ, უნდა ვუბიძგოთ მას, რომ გამოვაღვიძოთ?“ ნეტარმა უპასუხა: „ამგვარ შემთხვევაში მე მის თავს კალთაში ჩავიდებდი, რომ უფრო ტკბილად დაესვენა“. ერთხელ ამბა ისააკს უნახავს, რომ ღირსი პიმენი ფეხებზე წყალს ისხამდა და უთქვამს: „სხვები უფრო მკაცრად იქცევიან და სხეულს ითრგუნავენ!“ რაზეც წმიდანს უპასუხნია: „ჩვენ სხეულის კი არა, ვნებების მოკვდინება გვისწავლია“.

„ადამიანს სამი რამ მართებს: ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და კაცთათვის სიკეთის კეთება“, - ამბობდა ღირსი პიმენი. „ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. თუ ვინმემ გიმტრო, სიკეთით უპასუხე, და შენი სიკეთე დათრგუნავს მის ღვარძლს“. ნეტარ მამას ჩვევად ჰქონდა სამოღვაწეო ადგილის ხშირი ცვლა, რითაც კაცთამიერი დიდების საფრთხე არიდებდა თავს. ერთხელ იგი მოწაეებთან ერთად ეგვიპტის უდაბნოში ჩავიდა და სავანე დააარსა. ამ დროს აქ ცხოვრობდა ბერი, რომელსაც მტკიცე სარწმუნოებისა და კეთილმსახურების გამო ყველანი თაყვანს სცემდნენ და თავიანთ მეოხად თვლიდნენ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნეები მისგან ლოცვა-კურთხევისა და რჩევების მისაღებად; მაგრამ როცა სიახლოვეს პიმენი გამოჩნდა, ხალხის უმეტესობამ მას მიაშურა. ამან მეუდაბნოე განარისხა, ჩამოსულისადმი შურით აღივსო და მის ყოველ საქციელში მხოლოდ ცუდს ხედავდა. ეს რომ შეიტყო, პიმენი მეტად დამწუხრდა და მოწაფეებს უთხრა: „ძმებო! რა ვუყოთ ამ ქარაფშუტა ხალხს, ასეთი წმიდა მოსაგრე რომ დატოვა და ჩვენთან, არაფრის მაქნისებთან მოდის? რითი ვუწამლოთ დიდი მამის რისხვას?! - წავიდეთ, ვევედროთ, იქნებ გული მოვულბოთ“. წმიდანი ძმებთან ერთად მიადგა ბერის კელიას ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. გულნატკენმა მამამ უარი განაცხადა სტუმრების მიღებაზე. მაგრამ პიმენი და მისი ძმები საშინელ პაპანაქებაში მანამ იდგნენ ფეხმოუცვლელად, სანამ მათი თავმდაბლობითა და მორჩილებით შეძრულ მასპინძელს ბოღმა სრულიად არ განუქარდა და სიყვარულით არ განუხვნა კარები. მნახველებთან საუბრის შემდეგ ბერმა თქვა: „მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია; მეტიც, მე თქვენში ასჯერ უფრო მეტ კეთილ საქმეს ვხედავ!“

ერთხელ წმიდა მეუდაბნოესთან შორეული ქვეყნიდან ბერი მოვიდა სულიერი სარგებლის მისაღებად. ნეტარი ტკბილად შეხვდა მოსულს, მაგრამ როცა მან ამაღლებულსა და ძნელადმისაწვდომზე დაიწყო საუბარი, თვალები დახარა და მისი ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სტუმარი ასე დაემშვიდობა წმიდანს და კელიიდან გამოსულმა პიმენის მოწაფეს შესჩივლა: „ამაოდ დავშვერი! მინდოდა რამე მესწავლა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე!“ როცა ეს ღირს მამას გადასცეს, მან თქვა: „ის ადამიანი გონებისთვის მოუწვდომელ საგნებზე საუბრობდა. მათ შესახებ მე რისი სწავლება შემეძლო? ადამიანურ სისუსტეებზე რომ ელაპარაკა, სიამოვნებით ვუპასუხებდი“. მაშინ ქედამაღალი ბერი კვლავ შებრუნდა კელიაში და სირცხვილეულმა დაიწყო: „მამაო, რა ვქნა, სრულიად დამატყვევეს ვნებებმა!“ პიმენმა მას კეთილი და მხიარული მზერა შეაგება: „ახლა კი კარგ და სასარგებლო საქმეზე ხარ მოსული!“ შემდეგ დიდხანს, საღამომდე საუბრობდა მოსულთან და ისიც სულით განმხიარებულებული დაბრუნდა თავის უდაბნოში.

ღირსი პიმენი გარდაიცვალა 450 წელს, 110 წლის ასაკში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი პიმენი დიდი