ღირსი წმიდა სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი

 

საროველი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამა სერაფიმეს სახელი განთქმულია მთელს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.

სერაფიმე საროველი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში, კეთილმორწმუნე და შეძლებული მშობლების - დიდვაჭარ ისიდორე მოშნინისა და მისი მეუღლის - აღათიას ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პროხორი.

პროხორი სამი წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ისიდორე მოშნინმა გადაწყვიტა აეგო ტაძარი ღირსი მამა სერგის სახელზე. ქმრის გარდაცვალების შემედეგ სერაფიმეს დედამ - აღათიამ განაგრძო ეს საქმე და ბოლომდე მიიყვანა ტაძრის მშენებლობა. ერთხელ, როდესაც შვიდი წლის პროხორი დედასთან ერთად მშენებლობას ათვალიერებდა, ის დაუმთავრებელი სამრეკლოდან ძირს გადმოვარდა. გულგახეთქილი დედა სამრეკლოდან სირბილით ძირს დაეშვა - ეგონა ბავშვი სასიკვდილოდ დაშავდებოდა, მაგრამ საღ-სალამათი და უვნებელი შვილის დანახვაზე მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს შემთხვევა აღათიას უფლის განსაკუთრებულ წყალობად ენიშნა.

ათი წლის პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბავშვი სასიკვდილოდ იყო განწირული. ამ სასოწაკრვეთილების ჟამს ყმაწვილს ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი და განკურნება უწინასწარმეტყველა. მალე ქალაქში ლიტანიობა მოეწყო - ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდნენ სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც მოშნინები ცხოვრობდნენ. წვიმდა და გზის შესამოკლებლად პროცესიამ მოშნინების ეზოში შეუხვია. პროხორის დედამ სწრაფად დასტაცა ბავშვს ხელი და ხატთან მიიყვანა. ხატი ბავშვის თავზე გადაატარეს; იმ დღიდან ბავშვმა მოიხედა და მალე სრულიად გამოკეთდა.

პროხორი კარგად სწავლობდა და საღვთისმეტყველო წიგნების კითხვა უყვარდა. უქმე დღეებში თანატოლებს ხმამაღლა უკითხავდა სულის სამოძღვრებო წიგნებს, მაგრამ განმარტოება ყველაფერს ერჩივნა. იმხანად იგი დაუახლოვდა ერთ სალოსს, ვისაც კურსკში ყველა პატივს სცემდა. ამ კაცმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

დედა გრძნობდა შვილის განწყობილებას. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის, თუ როგორ ცხოვრებას ირჩევდა მისი ვაჟი. როდესაც პროხორმა მონასტერზე ჩამოაგდო სიტყვა, დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რამდენიმე კურსკელმა მოქალაქემ გადაწყვიტა პროხორთან ერთად ერს გასცლოდა. ჩვიდმეტი წლის პროხორმა დედას კურხევა გამოსთხოვა და დაემშვიდობა.

სავანეში გამგზავრებამდე პროხორი ეახლა რუსეთის ბერ-მონაზონთა მთავრებს - ღირს ანტონს და კიევ-პეჩორელ თეოდოსის; კიტაევოს (კიევის მახლობლად მდებარეობს) უდაბნოს განდეგილი ბერის - დოსითეოზისგანაც აიღო კურთხევა სავანეში დასაყუდებლად. დოსითეოზმა პროხორს უთხრა: „ღმერთის შვილი ყოფილხარ... საროვოს მონასტერში გაემგზავრე, სულის ხსნას თუ ეძებ. შენი მიწიერი გზა იქ დაასრულე. საროვოში ჰპოვებ სულიწმიდას - ყველა სათნოებათა საუნჯეს, რომელიც შენს სულს სიწმიდისკენ წარუძღვება“. მოიარა პროხორმა ეს სავანე და კურსკში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო დედისეულ სახლში, შემდეგ კი გამოეთხოვა მშობლიურ მიწა-წყალს.

1778 წლის 20 ნოემბერს ცხრამეტი წლის პროხორ მოშნინი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინა დღეს, საღამოჟამს, საროვოში ჩამოვიდა. საროვო ერთი ნახვით შეუყვარდა. ღამისთევის ლოცვაზე რომ იდგა და საროვოს მწყობრი და დარბაისლური ღვთისმსახურებით ტკბებოდა, პროხორი ჭეშმარიტად მიწიერ ანგელოზთა შორის იგულვებდა თავს. მან იპოვა ის, რაზეც ოცნებობდა - მყუდრო მონასტრული ცხოვრება. წინამძღვარმა პახუმმა ალერსიანად მიიღო ჭაბუკი პროხორი და ისიც მაშინვე შეუდგა ღვაწლს - განუწყვეტელი ლოცვით ბეჯითად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მორჩილებას: წირვაზე პირველი მოდიოდა და ვიდრე ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა, ფეხმოუცვლელად იდგა ტაძარში. სენაკშიც სულ ერთთავად სამოძღვრებო წიგნებს კითხულობდა, განსაკუთრებით უყვარდა სახარება, საქმე მოციქულთა, დავითნი და წმიდა მამების წერილები. ერთთავად ფხიზლობდა და მძიმე მარხვა განიწესა. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა: მის ღვთისმოყვარე სულს სწყუროდა სრული განმარტოება უდაბნოში, სადაც სულ ილოცებდა და უფლის ჭვრეტას არავინ დაუშლიდა. და აი, ღვთის რჩეულმა ბერებს კურთხევა გამოსთხოვა, რათა მორჩილების საათის შემდეგ ტყეში განმარტოებულიყო. თავდაჭერილი ქცევით პროხორმა მალე მიიპყრო ბერ-მონაზონთა დასის ყურადღება და ღვაწლით მრავალს აოცებდა.

მონასტერში პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბერებმა მკურნალობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და ღვთის გულმოწყალებას მიენდო. პროხორის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა. მალე ის სენაკი, სადაც ეს გასაოცარი ხილვა მოხდა, დაანგრიეს, იმ ადგილზე საავადმყოფოს კორპუსი ააგეს და ტაძრითავ შეამკეს. მშენებლობისათვის ფულის შეგროვება პროხორს დაევალა - მან მოიარა საროვოს მომიჯნავე ქალაქები, კურსკიც მოინახულა, სადაც ცხარე ცრემლებით ილოცა დედის საფლავზე; ძმამ საკმაოდ დიდი თანხა შესწირა ტაძრის ასაგებად.

1786 წლის 13 აგვისტოს 28 წლის პროხორი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა სერაფიმე (ცეცხლის სადაგი)... 1787 წლის დეკემბერში ღირსი სერაფიმე მთავარდიაკვნად აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული ექვსი წლის მანძილზე იგი თითქმის უწყვეტლივ აღავლენდა მსახურებას. ღმერთი აძლევდა ძალას - დაუღალავად იღწვოდა, ჭამა-სმა არ ახსოვდა და ეკლესიიდან გასვლა უჭირდა. სერაფიმემ ბერებს უამბო შემდეგი:

„ერთხელ წირვის დროს, დიდ ხუთშაბათს, აღსავლის კარით რომ შევედი საკურთხეველში და წარმოვთქვი „უკუნითი უკუნისამდე“, უეცრად აღმობრწყინდა ნათელი, რომელშიც ვიხილე უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, გაბრწყინებული, მზეზე უფრო ელვარე, გარემოცული გამოუთქმელი შუქით და გარშემორტყმული ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, ქერუბიმებითა და სერაბიმებით. ის ჰაერში მოდიოდა ტაძრის შესასვლელიდან ვიდრე საკურთხევლადმე. მერე აღაპყრნა ხელნი თვისნი, საკურთხევლის წინ შეჩერდა და აკურთხა მსახურნი და ყველა მლოცველი. შემდეგ კი აღსავლის კართან დაკიდებულ ხატში ჩაესვენა. მაშინ ჩემმა გულმა განიხარა ამ ნათლით და უფლის სიყვარულის სიტკბოებით“.

ამ ხილვის შემდეგ მამა სერაფიმეს წამიერად შეეცვალა იერი - ადგილზე გაშეშდა და სიტყვით თქმა ვეღარ შეძლო. მთავარდიაკვანი ხელით შეიყვანეს საკურთხეველში, სადაც დაახლოებით ორი საათი გაუნძრევლად იდგა. სახე წამისწამ ეცვლებოდა - ხან მიტკლისფერი დაედებოდა, ხან სიწითლე გადაჰკრავდა. ხშირად მამა სერაფიმე უდაბნოში მიდიოდა და ღამეს ლოცვებში ატარებდა, დილით კი კვლავ სავანეში ბრუნდებოდა.

1793 წლის 2 სექტემბერს მამა სერაფიმე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და ამ დღიდან მოკიდებული ყოველდღე ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს. ღვთის სიყვარულით ანთებული, ნიადაგ განდეგილობას ეშურებოდა, რათა თანაცხოვრების ტვირთი განმარტოებით აერიდებინა. და აი, ოცდათხუთმეტი წლისამ დატოვა სავანე და საცხოვრებლად გადავიდა ღარიბულ ხის ქოხში, რომელ???დგა სავანიდან ხუთი ვერსის მოშორებით. აქ მამა სერაფიმემ ბოსტანი და სკა გააშენა. უდაბნოში ის გამუდმებით ლოცულობდა და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა. უბრალოდ და ღარიბულად ეცვა. თეთრ კაბაზე ეკიდა სპილენძის ჯვარი, რომლითაც დედამ აკურთხა სახლიდან წამოსვლისას. მხარზე გადაკიდებული აბგით მამა სერაფიმეს ყველგან თან დაჰქონდა და გამუდმებით კითხულობდა სახარებას, რათა ქრისტეს მძიმე ტვირთი არ დავიწყებოდა. ფიზიკური გარჯა ღრმა სიმშვიდით აღავსებდა და ასეთ დროს საგალობელს წამოიწყებდა ხოლმე, საგალობელი კი ბევრი იცოდა. ღირსი სერაფიმე ყველაზე მკაცრ, უძველეს მეუდაბნოეთა მსგავსად აღასრულებდა ბერისათვის განწესებულ ლოცვის კანონებს. იგი მარხულობითაც გამოირჩეოდა - საოცრად ბევრს მარხულობდა.

თავდაპირველად ხმელა პურით იკვებებოდა - კვირაობით მონასტერში წირვაზე რომ მივიდოდა, ერთი კვირის სამყოფ პურს წამოიღებდა იქიდან. ბერის ისედაც მცირე ულუფას მამა სერაფიმე ხშირად უზიარებდა ჩიტებს და ტყიურ ნადირს, რომლებიც მის ქოხს არ შორდებოდნენ. შემდეგ კი პურიც აიკვეთა და მხოლოდ თავისი ხელით მოწეული ბოსტნეულით - კარტოფილით, ჭარხლითა და ხახვით - იკვებებოდა. ონ-ნახევარი წლის განმავლობაში მას მოხარშული კეჟერა კომბოსტოს მეტი არაფერი უჭამია. ამ ღვაწლს ღირსი სერაფიმე სიკვდილამდე არავის უმხელდა.

ზოგიერთი ძმა შეეცადა მისი მაგალითი გაეზიარებინა, მაგრამ ასეთ მკაცრ ცხოვრებას ვერც ერთმა ვერ გაუძლო და წმიდა სერაფიმემ ღვთის წინაშე მარტომ აღასრულა ეს უმაგალითო ღვაწლი. ათასგვარი განსაცდელი შეემთხვა მას უდაბნოში, მაგრამ სულით არ დაეცა. კაცთა დახსნის მტერი - ეშმაკი, რაკი დარწმუნდა, რომ მას არ ძალედვა ამ მხურვალე მოსაგრის უდაბნოსგან განშორება, ბოროტი ხალხი გამოიყენა თავის იარაღად. ერთხელ, როდესაც ღირსი სერაფიმე ტყეში შეშას აპობდა, მასთან მივიდა სამი უცნობი გლეხი და უტიფრად მოსთხოვა ფული. წმიდანი ეუბნებოდა მათ: „ფულს არავისგან ვიღებ“-ო. პირველი გლეხი, რომელიც მას თავს დაესხა, დაეცა, დანარჩენებიც შეშინდნენ. წმიდა სერაფიმე ძალიან ღონიერი იყო და ცულიც თან ჰქონდა, მაგრამ მას ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ“. მან ცული დაუშვა, ხელები ჯვარედინად გადაიწყო მკერდზე და თქვა: „რაც გინდათ, ის მიყავით“. მაშინ ცულის ყუა თავში ჩასცხეს. პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა ბერს და ცოცხალმკვდარი ძირს დაეცა. ყაჩაღებმა სენაკისკენ წაათრიეს, ფეხებით შედგნენ, გათოკეს, და რაკი მკვდარი ეგონათ, სენაკში შეცვივდნენ ფულის წასაღებად. მაგრამ იქ მხოლოდ ხატი და რამდენიმე კარტოფილი იპოვეს; ბოროტმოქმედნი შიშმა აიტანა და გაიქცნენ.

ღირსი სერაფიმე გონებაზე მოვიდა, გაჭირვებით გაითავისუფლა თავი, ღმერთს მადლი შესწირა, რომ უდანაშაულოდ ევნო და ილოცა, რათა ღმერთს მიეტევებინა მძარცველებისათვის. დილით ძლივს მილასლასდა სავანემდე - საშინლად გამოიყურებოდა: ტანსაცმელშემოფლეთილი, სისხლში მოსვრილი, ჭრილობებზე სისხლი მიხმობოდა. ექიმებმა ნახეს, რომ თავი გატეხილი ჰქონდა, ნეკნები ჩალეწილი, მკერდი დათეთქვილი, სხეულზე რამდენიმე ადგილას სასიკვდილო ჭრილობდა ჰქონდა მიყენებული და გაოცდნენ, ცოცხალი რომ გადარჩა. ვიდრე ისინი ლათინურ ენაზე ბჭობდნენ, მამა სერაფიმეს ჩაეძინა და იხილა გამოცხადება:

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოსილი შარავანდედით, მოციქულების - იოანე ღვთისმეტყველის და პეტრეს თანხლებით, მიუახლოვდა მის სარეცელს და წარმოსთქვა ექიმების მისამართით: „რისთვის ირჯებით?“ შემდეგ ბერს შეხედა და თქვა:

„აჰა, ნათესავი ჩემი!“ - ეს სიტყვები მხოლოდ ბერმა გაიგონა.

როცა გაიღვიძა, მამა სერაფიმემ უარი განაცხადა მკურნალობაზე, იმავე დღეს მომჯობინდა და ფეხზე დადგა. ხუთი თვე მაინც დარჩა სავანეში, ვიდრე სრულიად არ გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდა, რათა უწინდებურად გაეგრძელებინა თავისი სულიერი ღვაწლი.

მძარცველები ამხილეს, მაგრამ მამა სერაფიმემ საროვოს განმგებელ მემამულეს განუცხადა, რომ სამუდამოდ გადაიხვეწებოდა საროვოდან, გლეხებს თუ დასჯიდნენ. ბერის თხოვნით ბოროტმოქმედნი შეიწყალეს, მაგრამ მალე ხანძარმა გადაწვა მათი სახლები; მათ მოინანიეს და მამა სერაფიმეს ეახლნენ.

ხალხში ხმა გავარდა ღირსი მამა სერაფიმეს მკაცრი ცხოვრების შესახებ. მრავალნი მოდიოდნენ მასთან რჩევა-დარიგების მისაღებად, მაგრამ მას განმარტოება უყვარდა და მნახველებს გაურბოდა. განსაკუთრებით იმათ ერიდებოდა, ვინც ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდნენ. მაგრამ თუკი ვინმეს მართლაც უჭირდა სულიერად, არასოდეს გააწბილებდა. ზოგჯერ მეზობელი მოუდაბნოე ბერები ალექსანდრე და მარკოზი თავს წამოადგებოდნენ წმიდა სერაფიმეს, რომელიც უფლის ჭვრეტით ისე იყო გართული, რომ მათ ვერც კი ამჩნევდა და ისინიც უხმოდ გაეცლებოდნენ. ღირსი სერაფიმე ტყეში ვინმეს თუ გადაეყრებოდა, მოკრძალებით მიესალმებოდა და წავიდოდა თავისი გზით. ხშირად უთქვამს: „დუმილი სანანებლად არავის დარჩენიაო“.

ღირსმა მამა სერაფიმემ ისეთ სულიერ სიმშვიდეს მიაღწია, რომ მის დანახვაზე ტყის ნადირიც კი მოწიწებით იმსჭვალებოდა. სავანის სტუმრებს ხშირად უნახავთ მამა სერაფიმეს გვერდით უზარმაზარი დათვი, რომელსაც ის საკუთარი ხელით აჭმევდა. დათვი თურმე ზოგჯერ ტყეში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდა. ბერი ხან საკუთარი ხელით აჭმევდა მას, ხანაც თავის სტუმრებს სთხოვდა დათვი დაეპურებინათ. ასეთ დროს წმიდა სერაფიმე აღვსილი იყო ნეტარებით და სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. მნახველები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ბერის სიცოცხლეში ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ.

ხედავდა რა მოსაგრის ამ დიად ცხოვრებას, კაცთა დახსნის უძველესი მტერი გამძვინვარებული შეიარაღდა მის წინააღმდეგ და სასტიკი განსაცდელები დაატეხა თავს. ერთხელ ღირსმა სერაფიმემ სენაკის კედლებს მიღმა გაიგონა მხეცის ღრიალი, შემდეგ კი მოეჩვენა, თითქოს ხალხის ბრბო კარს მოაწვა და შემოვარდნას ლამობდა. კარის წირთხლი ამოვარდა და ხის უზამაზარი მორი მლოცველი ბერის ფერხთით დაეცა. მეორე დღეს ეს მორი რვა კაცმა ძლივს გაათრია ქოხიდან. ზოგჯერ მამა სერაფიმეს ეჩვენებოდა, რომ ქოხი ოთხივე კუთხით იშლება და საშინელი მხეცები ველური ღრიანცელით თავს ესხმიან. ერთხელ  ღირსი სერაფიმე უხილავმა ძალამ ჰაერში აიტაცა და რამდენჯერმე დიდი ძალით დაანარცხა იატაკს. მფარველი ანგელოზის შეწევნით ის მაინც გადარჩა და ძვალიც არ დაჟეჟვია. ერთმა ერისკაცმა გულუბრყვილოდ ჰკითხა მას: „მამაო, ავი სულები თუ გინახავს?“ მამა სერაფიმემ ღიმილით მიუგო: „ისინი ბილწნი არიან სახილველადაც - როგორც ნათლითმოსილ ანგელოზს ვერ გაუსწორებს თვალს ცოდვილი ადამიანი, ასევე ეშმაკის ხილვა შეგაძრწუნებს, რადგან ბილწია სახილველად“. ყველა ხილვას და ცდუნებას ბერი პირჯვრის გადასახვით ამარცხებდა. ორჯერ აირჩიეს ღირსი სერაფიმე მონასტრის იღუმენად და არქმიანდრიტად, მაგრამ ბერმა ეს პატივი აირიდა. რაკი დარწმუნდა მის სიმდაბლეში, კაცთა მოდგმის მტერმა ახალი უბედურება, საშინელი საცთური დაატეხა თავს - უჩინარი ბრძოლა. ეს მართლაც უსაშინლესი იყო ყველა უბედურებათაგან... ძალიან უმძიმდა მამა სერაფიმეს, მაგრამ ღვთის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ საცთურსაც სძლია.

ღირსი მამა სერაფიმე, თუმცა ხორციელი იყო და მიწაზე ცხოვრობდა, დიდ სულიერ სიმტკიცეს ფლობდა და მიწიერი ხუნდებით არ იყო შებორკილი. ფიქრით და გონებით ის ზეციურ სავანეებს დასტრიალებდა. ბერი დღითი დღე ძლიერდებოდა, ნიადაგ ახალი ღვაწლით ამარცხებდა მტერს და ბოლოს ისეთ ხარისხში ამაღლდა, როგორსაც რჩეულთა შორის ურჩეულეს მოსაგრეთა ძალზე მცირე ნაწილმა თუ მიაღწია ქრისტიანული ეკლესიის მთელი არსებობის მანძილზე.

სამი წელი მამა სერაფიმემ სრულ მდუმარებაში განვლო, ისე რომ ერთხელაც არავისთვის გაუცია ხმა. სვიმეონ მესვეტის მიბაძვით მამა სერაფიმე ათასი დღე და ათასი ღამე იდგა ქვაზე. ასეთი ქვა ორი იყო: ერთი მის სენაკში, მეორე კი - უსიერ ფიჭვნარში. მოსაგრე დილიდან საღამომდე სენაკის ქვაზე იდგა და მხოლოდ საჭმლის მისაღებად თუ გადმოვიდოდა. მზის ჩასვლის შემდეგ კი ტყეში მდებარე ქვაზე გადაინაცვლებდა. გათენებამდე ამ ქვაზე იდგა ცისკენ ხელაპყრობილი და მეზვერის სიტყვებით ევედრებოდა ღმერთს: „ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას!“ ღვთის მადლით გაძლიერებული, იგი მხნედ იტანდა ზამთრის ყინვას, შემოდგომის წვიმას, ზაფხულის ხვატს, კოღო-ბუზების შემოსევას და ცისქვეშეთში დაბუდებული ბოროტი ძალების უსასრულო იერიშებს. ღირსი მამა სერაფიმე ამ ღვაწლს საიდუმლოდ აღასრულებდა და არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ვიდრე თვითონ არ გაუმხილა რამდენიმე ძმას; ხოლო ისინი განცვიფრდნენ და აღიარეს, რომ წმიდა სერაფიმეს ღვაწლი ადამიანურ ძალ-ღონეს აღემატებოდა.

ღირსმა სერაფიმემ მოსაგრეობის მძიმე გზა განვლო და ბევრი სულიერი გმირობა ჩაიდინა, რითაც საშინლად ავნო საკუთარ სხეულს. ფეხები ლამის წაერთვა და დღესასწაულზე მონასტერში ვეღარ მიდიოდა ზიარების მისაღებად. ამიტომ თექვსმეტი წლის განდეგილობის შემდეგ სამუდამოდ გამოეთხოვა თავის უდაბნოს და 1810 წლის 8 მაისს მონასტერში დაბრუნდა.

ღირსი მამა სერაფიმე ჩვიდმეტი წელი იყო დაყუდებული ამ მონასტერში და გარეთ არ გამოდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაარღვია ეს განმარტოება. პირველი ხუთი წელი თვალი არავის შეუვლია მისთვის, თვით იმ ბერსაც კი არ უნახავს, ვისაც წმიდა სერაფიმესთან ღარიბული სადილი მიჰქონდა ხოლმე. ხშირად ბერს უკანვე მოჰქონდა ხელუხლებელი საკვები.

ღირსი სერაფიმეს სენაკში ღვთისმშობლის ხატის გარდა არაფერი იყო. ხატის წინ ჩაუქრობლად ენთო კანდელი, ღუმელთან შეშის გროვა ეწყო (თუმცა იგი ღუმელს არასოდეს ანთებდა) და ხის კუნძი, რომელიც მას სკამის მაგივრობას უწევდა. წინკარში შეუღებავი მუხის კუბო იდგა. მოხუცი სანთლებს ანთებდა კუბოს ირგვლივ და ლოცულობდა. ასე ემზადებოდა საწუთროდან მარადისობაში გადასასვლელად. თუ ვინმეს შემთხვევით შეუცდებოდა ფეხი მის სენაკში, დაინახავდა, რომ მამა სერაფიმე მოკრძალებით აღავლენდა ლოცვას, ან ჩუმად კითხულობდა ფსალმუნს და სახარებას. კითხვაზე კი პასუხს არავინ აძლევდა.

ერთხელ საროვოს უდაბნოს ეპისკოპოსი იონა მონასტერს ეწვია და წმიდა სერაფიმეს ნახვა ისურვა, მაგრამ წმიდა სერაფიმემ არც ეპისკოპოსისთვის დაარღვია მდუმარება.

მარტო უფალმა უწყის, თუ როგორი იყო განდეგილობაში მამა სერაფიმეს შინაგანი ცხოვრება, რადგან იგი ამას საგულდაგულოდ უმალავდა ხალხს. წამითაც არ განიშორებდა იესოს ლოცვას - ეს ლოცვა მისი გულის განუყრელი თანამგზავრი იყო. მაგრამ ჭეშმარიტი ნეტარება მისთვის მაინც წმიდა სახარების კითხვა იყო. ორშაბათს ის მათეს სახარებას კითხულობდა, სამშაბათს - მარკოზის სახარებას, ოთხშაბათს - ლუკას, ხუთშაბათს - იოანეს; კვირის დანარჩენ დღეებში კი მისი საკითხავი მოციქულთა საქმენი და ეპისტოლენი იყო.

ათი წლის მდუმარებისა და განმარტოების შემდეგ, უდაბნოში ცხოვრების გამოცდილებით გამდიდრებულმა და გონება-გასხივოსნებულმა, მადლის მოზღვავებით შთაგონებულმა მოსაგრემ კვლავ განიხვნა ბაგენი. ღირსი მამა სერაფიმე შეუდგა ღვაწლს იმ ურიცხვ სულთა გადასარჩენად, რომლებსაც ცხოველმყოფელი, მადლიანი სიტყვა ენატრებოდათ. მაგრამ ეს ახალი ღვაწლი ბერმა საკუთარი გონების კარნახით, თვითნებურად როდი იტვირთა.

მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, ღირსი მეუდაბნოის ონოფრე დიდის და პეტრე ათონელის თანხლებით და უბრძანა მიეღო მნახველები, რათა რჩევა დარიგება მიეცა მათთვის. იმ დღიდან მოკიდებული, წირვის შემდეგ თეთრ კაბასა და ოლარში გამოწყობილი ბერი, სამკლაურებით და ნახევარმანტიით შემოსილი, საღამოს რვა საათამდე იღებდა სტუმრებს თავის სენაკში. ღირსი სერაფიმეს მრევლი სწრაფად იზრდებოდა, ბერს წამითაც არ ჰქონდა მოსვენება. საუფლო დღესასწაულებზე ხუთი ათასზე მეტი მნახველი მოდიოდა. მაგრამ ბერი ლოცვა-კურთხევით ისტუმრებდა ყველას და ღვთივშთაგონებულ სულის საკურნებელ რჩევა-დარიგებას არავის აკლებდა. საუბრის დროს ბერს უწყინარი და ალერსიანი კილო ჰქონდა, რაც ფრიად ატკბობდა მსმენელის ყურს, თანაც ეს კილო საოცრად შეესაბამებოდა თითოეული სტუმრის შინაგან განწყობილებას. ღირსი სერაფიმე ღრმა თავაზით ეპყრობოდა ყველას. გამონაკლისს ისინი წარმოადგენდნენ, ვინც ღვთისმოსაობას ნიღბად იყენებდნენ, სინამდვილეში კი აღვსილნი იყვნენ ყოველგვარი ცბიერებით. ასეთებს იგი მრისხანედ იშორებდა თავიდან.

მაგრამ თუკი რომელიმე მნახველს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ზრახვას და ღვთის მხურვალე რწმენას შენიშნავდა, სიხარულით შეიწყნარებდა და სამღვდელო წესით აღასრულებდა მასზე სინანულის საიდუმლოს. თავზე ოლარის კიდეს გადააფარებდა, მარჯვენა ხელს დაადებდა და უბრძანებდა, რომ მის კვალდაკვალ გაემეორებინა სიტყვები - „გცოდე, უფალო, გცოდე“, და ასე შემდეგ. მერე პირჯვარს გადასახავდა, ანტიდორს ან ნაკურთხ პურს მისცემდა და ნაკურთხ წყალს დაალევინებდა, კანდელის ზეთს შუბლზე სცხებდა, ეამბორებოდა და ეტყოდა: „ქრისტე აღსდგა!“ შემდეგ ანიშნებდა, რომ ღვთისმშობლის ხატს და მის გულზე დაკიდებულ ჯვარს მთხვეოდნენ. ბოლოს სულის საკურნებელ რჩევას მისცემდა.

განსაკუთრებით ამას ჩააგონებდა ყველას: განუწყვეტლივ ემეორებინათ გულში იესოს ლოცვა „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ - „ამ ლოცვაში ჩააქსოვე მთელი შენი ცოდნა და გულისხმიერება“-ო, - დასძენდა სასოებით. წმიდა სერაფიმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იესოს ლოცვას და აუცილებლად მიაჩნდა ის ყველა ქრისტიანისთვის.

ღირს სერაფიმეს უყვარდა წმინდანთა ცხოვრების მოყოლა. ისე ნათლად და სულისშემძვრელად აღწერდა ხოლმე მათი ცხოვრების ეპიზოდებს, ისე საამოდ, ისეთი ზარ-ზეიმით გადმოსცემდა მათ ზეციურ მშვენებას და ნეტარ ყოფას, რომ მსმენელებში მხურვალე აღტაცების და ღრმა სიხარულის განცდას იწვევდა.

ღირსი სერაფიმე ყველას ურჩევდა, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები. მას ხშირად მოჰყავდა ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი, რომელმაც ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ურყევად დაიცვა აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება. თავადაც საგულდაგულოდ განუმარტავდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობის საფუძვლებს, დაწვრილებით უამბობდა მრევლს მართლმადიდებლობის არსზე და დასძენდა: „ეს არის ერთადერთი წმიდა და ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება“-ო. ღირსი სერაფიმე ასწავლიდა თუ როგორ უნდა დაეცვათ სარწმუნოება. ძალიან უყვარდა რუსეთის ეკლესიის წმიდანები, განსაკუთრებით კი - ღირსი სერგი რადონეჟელი. რუსი წმიდანების ცხოვრება მისაბაძად მიაჩნდა მათთვის, ვინც სულის სახსნელ გზას შეუდგებოდა. ღირსი სერაფიმეს საამური ქადაგებები მართლმადიდებლობის სიყვარულით იყო განმსჭვალული.

იმ დროს მამა სერაფიმეს უკვე მთელს რუსეთში იცნობდნენ, შორს გავარდა ხმა მისი ღვთისმოსაობის შესახებ და მისი თანამედროვე ქრისტიანი მოსაგრენი მას „მთაზე აღმართულ ქალაქად“ მიიჩნევდნენ.

განგებამ ღირს სერაფიმეს მიჰმადლა უაღესად შორსმჭვრეტელი გონება. აქ მოკლედ არის აღწერილი მისი ცხოვრება და გამოტოვებულია ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც შეტანილია მამა სერაფიმეს ვრცელ „ცხოვრებაში“. მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა აზრის იყო ღირსი სერაფიმე საკუთარ შორსმჭვრეტელობაზე.

ერთხელ ერთმა მეუდაბნოემ ჰკითხა ბერს: „რისგან არის, ყველას ჭკუას რომ ასწავლი?“ რაზეც ბერმა მიუგო: „მე მივდევ ეკლესიის მოძღვრებას, რომელიც საგალობელით გვამცნობს: „ნუ დაჰფარავ უფლის სიტყვას, არამედ ყველას აუწყე მისი საქმენი“.

მამა სერაფიმეს ერთი სულიერი შვილი განცვიფრებული დარჩა მისი წინასწარმეტყველური ნიჭით, ხოლო ბერმა შემდეგნაირად ახსნა ეს იშვიათი მოვლენა: „როგორც მრავალი სხვა, როგორც შენ, ეს ადამინიც ისე მოვიდა ჩემთან; უფლის მონასთან მოვიდა. მეც ხომ ცოდვილი ვარ, უფლის ცოდვილი მონა, რომელსაც ღმერთმა უბრძანა რჩევა-დარიგებით გაჭირვებულს შესწეოდა. ჩემს სულში გაელვებული პირველივე ზრახვა ღვთის ნების გამოვლენად მიმაჩნია და ამას ხმამაღლა ვაცხადებ. არ ვიცი, ჩემი თანამოსაუბრის სულში ამ დროს რა ხდება, მაგრამ მწამს, რომ ღვთის ნება იმას მკარნახობს, რაც ჩემთვის სასარგებლოა. მე ჩემი თავი უფალს მივანდე, როგორც რკინა - მჭედელს. მისი სურივლისამებრ ვიქცევი და საკუთარი ნება არ გამაჩნია. რაც ღმერთს სწადია, ხალხს იმას ვაუწყებ“.

ღირს მამა სერაფიმეს საოცარი ხილვები ჰქონდა - ის ზეციურ სავანეებს ჭვრეტდა.

მამა სერაფიმეს უთქვამს ერთი საროველი მეუდაბნოესთვის: „ჩემი უფალი იესო ქრისტე ამბობს, მამაჩემის სახლში ბევრი სავანეაო; ამ სიტყვებმა შვება მომგვარა. მე უბადრუკმა გულის ფიცარზე ამოვიჭერი ეს სიტყვები და ნატვრად გადამექცა იმ ზეციურ სავანეთა ხილვა. ნიადაგ ამას ვევედრებოდი უფალს - ეჩვენებინა ისინი ჩემთვის. ღმერთმა მომანიჭა ეს წყალობა - ნატვრა და თხოვნა შემისრულა. ამ სავანეებში ვიქმენ ატაცებული, ოღონდ ეს კი აღარ ვიცი სხეულიც თან მახლდა, თუ უსხეულო ვიყავ. ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, ჩვენ ვერ ჩავწვდებით მის განგებას. მაგრამ ვერ აღვწერ იმ ზეციურ ნეტარებას და სიტკბოებას, რაც იქ განვიცადე“.

იგი დადუმდა, წინ გადმოიხარა, თავი ჩაღუნა, თვალები დახუჭული ჰქონდა, ჩუმად და დინჯად ისრესდა მკერდს მარჯვენა ხელისგულით. სახე შეეცვალა და ისეთ შუქს გამოსცემდა, რომ კაცი თვალს ვერ გა???ლს გამოხატავდა. ჭეშმარიტად ზეციურ ადამიანს თუ მიწიერ ანგელოზს ჰგავდა. განცვიფრებული და გულშეძრული, რაღაც საოცარი ჭვრეტით იყო გართული, თან სმენად იყო ქცეული. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ალაპარაკდა: „ოჰ, რომ იცოდე, ჩემო საყვარელო, რა სიხარული, როგორი სიტკბოება ელის ზეცაში მართალი კაცის სულს, მადლიერებით აიტანდი ამქვეყნიურ მწუხარებას. აი ეს სენაკი მატლებით რომ იყოს სავსე და მთელი სიცოცხლის მანძილზე შენს გვამს ღრღნიდნენ, ამაზეც კი ხალისით უნდა დათანხმდე, ოღონდ ის ზეციური სიხარული არ დაჰკარგო“.

თავის სიცოცხლეში ღირსი მამა სერაფიმე უამრავ სასწაულს ახდენდა უფლის განგებით. ავადმყოფებს არჩენდა, მრავალი განწირული ადამიანი იხსნა, ზოგსაც მომავალი უწინასწარმეტყველა და ამ გზით საფრთხეს განარიდა. ჩვეულებრივ ის ავადმყოფებს ზეთს სცხებდა ხოლმე იმ კანდელიდან, რომელიც მის სენაკში ღვთისმშობლის ხატის წინ ენთო ჩაუქრობლად. ეს იყო ხატი „გიხაროდენ“, რომელსაც იგი „უზესთაეს ნეტარებას“ უწოდებდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ სცხებდა ზეთს ავადმყოფებს, მან უპასუხა: „წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ მოციქულნი ზეთს სცხებდნენ და რომ ამ გზით მრავალი ავადმყოფი განიკურნა. ვიღას უნდა მივბაძოთ ჩვენ, თუ არა მოციქულებს!“ ცხებულნი მართლაც იკურნებოდნენ.

ღირსი სერაფიმე რჩევა-დარიგებით, კურნებითა და ლოცვით ეწეოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა; თავად მას არასოდეს მოკლებია უფლისა და ღვთისმშობლის უხვი მოწყალება; ღვთისმშობელი კვლავ გამოეცხადა ბერს წმიდანების - კლიმენტი რომაელის და პეტრე ალექსანდრიელის თანხლებით.

ბოლოს მნახველთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ღირს სერაფიმეს კვლავ მოსწყურდა უდაბნოში განმარტოება, რათა გარიდებოდა ხალხის მითქმა-მოთქმას. ამიტომ მან წინამძღვარს კურთხევა გამოსთხოვა, რათა ახალ სავენში დაყუდებულიყო. მამა სერაფიმეს ეს მეორე სავანე მონასტერთან უფრო ახლოს იყო, რაღაც სული ორი ვერსის დაშორებით, ისიც საროვოს ტყეში ააშენა, მდინარე საროვკის ნაპირას.

ღირსი სერაფიმე ყოველდღიურად მოდიოდა აქ ნაშუადღევის ოთხიდან რვა საათამდე, ღამეს მონასტერში ათევდა და საზრდოს მხოლოდ საღამოობით იღებდა. ჩაცმულობითა და იერით უჩვეულო სანახავი იყო - მშვიდი, წყნარი, წელში მოხრილი ჭაღარა ბერი, თოხის ან ცულის ტარს დაყრდნობილი; თეთრი კაბის ზემოთ ზოგჯერ გამოქნილ ტყავს იცვამდა, ღარიბული კუნკულათი, მხარზე დაკიდებული აბგით, რომლითაც ყველგან თან დაატარებდა თავის განუყრელ მეგზურს - წმიდა სახარებას და რკინის იარაღებს, ვინაიდან ფიზიკური შრომა ყოველდღე უწევდა.

თუმცა ღირსმა სერაფიმემ დაკარგა სხეულის შეგრძნება და ფეხებიც გახევებული და დაწყლულებული ჰქონდა, მაინც მუდამ მხნე და ხალისიანი ჩანდა, რადგან სულით ძლიერი იყო და ცხოველი.

მის შემხედვარეს გული აგიჩუყდებოდა, როდესაც წმიდა ზიარების შემდეგ ის ტაძრიდან სენაკში ბრუნდებოდა. საკუთარ ფიქრში ჩაფლული, არავის აქცევდა ყურადღებას და ყველას ლოცავდა. მისი სენაკის კარამდე გზის ორივე მხარეს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ათასოებით ადამიანი ირეოდა და სათნო მოხუცს უჭირდა გზის გაკვლევა, რადგან ყველას სურდა, მისი სამოსის კიდეს მთხვეოდა, ხელით შეხებოდა მას და კურთხევა მიეღო, ან უბრალოდ თვალი შეევლო მისთვის.

ასე რომ ღირს სერაფიმეს საერთოდ არ აძლევნენ მოვსენებას არც უდაბნოში, არც მონასტრის გზაზე და არც თვით მონასტერში.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ღირსი სერაფიმე თავგამოდებით ზრუნავდა დივეევოს მონასტერზე, რომელიც მანვე დააარსა თავისი სულიერი შვილების თანადგომით. იმ თანხების ნაწილს, რომლებსაც ის მორწმუნე კეთილისმყოფელთაგან იღებდა, დივეევოს დედებს აძლევდა სავანის მოსაწყობად და საკუთარ ბაღჩაში მოწეულ ბოსტნეულსაც მათ უგზავნიდა. დივეევოს მონასტერში ის ქალწულნი მოდიოდნენ, რომლებიც უბიწო ცხოვრებას ირჩევდნენ - უთავშესაფროდ დარჩენილი ობოლი გოგონები; მათ არც ჭერი ჰქონდათ და არც მფარველი ეგულებოდათ. რამდენი ღვარძლიანი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუხდა ღირს სერაფიმეს იმ მამობრივი ზრუნვის გამო, რომელსაც ის დივეევოს ობლების მიმართ იჩენდა, თუმცა ყველაფერ ამას ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლად აკეთებდა.

ხშირად უთქვამს მორჩილი იოანესთვის, რომელიც თანამოსაგრეობას უწევდა მონასტრის მოვლა-პატრონობაში: „დაე გვლანძღონ და გვთათხონ, დივეევოს ობლებს რომ თავს ვევლებით. უკეთესია, იაკობ მოციქულს მივბაძოთ, რომელიც ამბობს: „რომელმან იცოდეს კეთილისა საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა“ (იაკ. 4, 17). დაე შეურაცხგვყონ: ჩვენ ყველაფერს მადლიერებით დავითმენთ, რამეთუ მოციქულს უთქვამს: „მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ“ (1 კორ. 4, 12).

უდაბნოში ცხოვრების დროს ღირს სერაფიმეს სიზმარში გამოეცხადა ღვთისმშობელი თორმეტი მოციქულის თანხლებით, ენით უთქმელი დიდებითა და ნათლით მოსილი, და უბრძანა სამი სავანის - დივეევოს, არდატოვოს და ზელენოგორსკის - კეთილმოწყობა და ზედამხედველობა. ღვთისმშობელმა აუწყა მას, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ დედებს და როგორი წესით უნდა ელოცათ.

ღირსი სერაფიმე დივეევოს ობლებს ყველა განსაცდელისაგან იფარავდა, უბიწოების სპეტაკი სამოსელით მოსავდა მათ და ასე ამზადებდა ზეციურ საქმროზე - ტკბილ იესოზე დასაწინდად. იესოს ნებით ეზიდებოდნენ ისინი ამ ჯვარსა და მარადისობის და ხსნის გზას ადგებოდნენ, ვნებებს ებრძოდნენ, ქალწულებრივ სიწმიდეს იცავდნენ და მათ გულებში იესოსადმი ღვთიური სიყვარულის ლამპარი ენთო.

მამა სერაფიმე მოუწოდებდა ამ ასულებს დაეცვათ სიქალწულე ზეციური დედოფლის შემწეობით, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მონაზვნური აღთქმა დადებული. წმიდანი განუმარტავდა მათ, რომ მომავალში ამისთვის ზეციურ ჯილდოს მიიღებდნენ. ერში თუ დარჩებოდნენ, უსახლკარო გოგონებს გაუჭირდებოდათ სულის ხსნა, რადგან ეს ქვეყანა ბოროტებით არის სავსე.

1831 წლის 25 მარტს, თავის ნეტარ აღსასრულამდე ერთი წლითა და ათი თვით ადრე ღირს სერაფიმეს ზეციური წყალობის დასტურად ცხადად მოევლინა ღვთისმშობელი, უკვე მეთორმეტედ, და ეს იყო ნიშანი მისი ნეტარი მიცვალებისა და უხრწნელი დიდების. ამ გამოცხადებას დაესწრო დედა ევპრაქსია დივეევოს მონასტრიდან.

მოეჩვენათ, რომ ქარი ამოვარდა, ელვარე ნათელი მოეფინა იქაურობას და მოესმათ გალობა. ბერის სენაკი განივრცო და ჭერიც განათდა, თითქოს კაშკაშა სანთლების შუქით გაჩირაღდნებულ დარბაზში მოხვდნენ. მზის ნათელზე უფრო მცხუნვარე იყო ეს შუქი. ბერი მუხლებდე დაეცა და გულათრთოლებულს ესღა აღმოხდა: „ჰოი, კურთხეულო, ნეტარო ქალწულო, ყოვლადწმიდა დედა-ღვთისმშობელო!..“ წინ ორი ანგელოზი მოდიოდა, ხელთ ეპყრათ ახლადაყვავებული რტოები; შემდეგ მობრძანდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, თორმეტი ქალწულის, იოანე ნათლისმცემლისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით, რომლებსაც სპეტაკი, ელვარე სამოსელი ემოსათ. ღვთისმშობელს ულამაზესი მოსასხამი ებურა, ენით აუწერელი, სწორედ ისეთი, მგლოვიარე ღვთისმშობლის ხატზე რომაა გამოსახული. მოსასხამდე ჯვრებით შემკული დიდი მრგვალი საკინძე ებნია. მოსასხამს ზემოთ ოლარი ემოსა და მაჯაზე საბუხარეები ეკეთა. ოლარიც და მოსასხამიც ჯვრებით იყო გაწყობილი. ღვთისმშობელი სხვა ქალწულებთან შედარებით უფრო მაღალი ჩანდა. თავს უმშვენებდა ნაირ-ნაირი ჯვრებით შემკობილი გვირგვინი, რომელიც თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას ასხივებდა. წმიდა ქალწულნი წყვილ-წყვილად მოაცილებდნენ ღვთისმშობელს, მათაც გვირგვინები ედგათ, თმა გაშლილი ჰქონდათ და ნარიფერი სამოსი შვენოდათ... როდესაც მონაზონი ქალი გონს მოეგო, ღირსი სერაფიმე უკვე აღარ იყო დაჩოქილი; ფეხზე იდგა ღვთისმშობლის წინ და ღვთისმშობელი ისე მიმართავდა თავის რჩეულს, როგორც ღვიძლ ადამიანს. მონაზონმა გაიგონა მისი სიტყვები: „არ მიატოვო ჩემი დივეევოს ასულები“. რაზეც ბერმა უპასუხა: „ცის და მიწის დედოფალო, ვცდილობ ყველას ერთად მოვუყარო თავი, მაგრამ მარტო ვეღარ ვუძღვები!“

„ჩემო სანატრელო, - მიუგო ღვთისმშობელმა, - ყველაფერში შეგეწევი... ვინც მათ აწყენინებს, დავამხობ, და თუ ვინმე დაეხმარება მათ ღვთის სადიდებლად, შეწყალებულ იქნება უფლის მიერ“. შემდეგ ღვთისმშობელმა მონაზონს უბრძანა გაეგო ქალწულთა სახელები და ეკითხა მათთვის, თუ რა ტანჯვა განვლეს ქრისტეს გულისათვის. ესენი იყვნენ დიდმოწამე ბარბარე და ეკატერინე, პირველმოწამე თეკლე, დიდმოწამენი მარინე და ირინე, ღირსი ევპრაქსისა, წმიდა დიდმოწამენი პელაგია და დოროთეა, ღირსი მაკრინე, მოწამე იუსტინა, წმიდა დიდმოწამე იულიანა და მოწამე ანისია. „აბა შეხედე ამ ქალწულებს, - წარმოთქვა ღვთისმშობელმა, - მათ უარყვეს ამქვეყნიური სიმდიდრე და მეფობა, რადგან მიწიერ განცხრომას ზეციური, მარადიული მეფობა არჩიეს, საკუთარი ნებით იტყვირთეს სიგლახაკე, ერთარსი ღმერთი შეიყვარეს და ხომ ხედავ, ამის სანაცვლოდ რა დიდება და პატივი მოიმკეს. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც. ოღონდ ძველად მოწამენი ცხადად იტანჯებოდნენ, ახლა კი - ფარულად, გულის სევდით, მაგრამ საზღაური ახლაც იგივეა...“

ხილვა იმით დასრულდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა წმიდა სერაფიმეს უთხრა: „ჩემო სანატრელო, მალე ჩემთან იქნები“, - და აკურთხა. სხვა წმიდანებიც დაემშვიდობნენ: წმიდა იოანე ნათლისმცემელმა და წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა აკურთხეს ის, ქალწულებმა კი სათითაოდ ხელი ჩაჰკიდეს და გადაკოცნეს.

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ღირსმა სერაფიმემ საშინელი დაძაბუნება იგრძნო და სულიერ ძმებს გაანდო თავისი თავისი წინათგრძნობა: „სულ მალე აქ აღარ ვიცოცხლებ. ახლოა ჩემი აღსასრულო!“

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მონასტრის ერთმა ძმამ ღირს სერაფიმეს ასეთი კითხვა დაუსვა:

- მამაო, ჩვენ რატომ არ ვცხოვრობთ ისე მკაცრად, როგორც სხვა ღვთისმოსავი მოსაგრენი?

- იმიტომ, - მიუგო ღირსმა სერაფიმემ, - რომ გამბედაობა არ გვყოფნის. სულის სიმტკიცე რომ გაგვაჩნდეს, ჩვენი მამებივით ვიცხოვრებდით, რომლებიც ბრწყინავდნენ ღვთისმოსაობით და გმირული საქმეებით: რამეთუ ყოველი მორწმუნისათვის, ვინც მთელი გულით ეძიებს ღმერთს, მადლი და უფლის შეწევნა ახლაც იგივეა, რაც ადრე იყო, რადგან უფლის სიტყვის თანახმად „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13, 8).

1833 წლის 1 იანვარს, კვირა დღეს, მამა სერაფიმე უკანასკნელად მივიდა საავადმყოფოს ეკლესიაში; ყველა ხატის წინ აანთო სანთელი და ემთხვია, შემდეგ ჩვეულებისამებრ ეზიარა ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს. ლიტურგიის დასასრულს იგი გამოეთხოვა ყველა ძმას, აკურთხა ყველანი, ეამბორა მათ და ეს უთხრა სანუგეშოდ: „იხსენით სული, გულს ნუ გაიტეხთ, ფხიზლად იყავით. თქვენთვის გვირგვინები მზადდება“. ყველამ შენიშნა, რომ ის უკიდურესად დასუსტებული იყო ფიზიკურად, მაგრამ მხნე ჩანდა, მშვიდი და მხიარული.

იმავე საღამოს წმიდა სერაფიმეს სენაკის ახლოს მცხოვრებმა ბერმა პავლემ გაიგონა, რომ მოხუცი თავის სენაკში აღდგომის საგალობლებს მღეროდა: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“, „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ...“ და „აღდგომასა შენსა...“

2 იანვარს დილის ექვს საათზე, ბერები ღირსი სერაფიმეს სენაკში შევიდნენ და დაინახეს, რომ იგი ჩვეულებისამებრ პატარა ანალოგიის წინ იყო დაჩოქილი. გადაჯვარედინებული ხელებით ანალოგიას დაყრდნობოდა. ანალოგიაზე გადაშლილი წიგნი იდო. როგორც ჩანდა, ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, ეგონათ სძინავსო. გაღვიძება სცადეს, მაგრამ ამაოდ - ბერმა სერაფიმემ თავისი მიწიერი გზა დაასრულა და განისვენა სამარადისოდ.

ღირსი მამის ცხედარი მისივე ხელით გათლილ მუხის კუბოში ჩაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

ღირსი სერაფიმეს გარდაცვალების შემდეგ სამოცდაათი წლის მანძილზე მართლმადიდებელი რუსი ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მის საფლავზე, რადგან სწამდათ, რომ ის იყო მათი შუამდგომელი ღვთის წინაშე. ისინი მის საფლავზე ლოცულობდნენ და სასწაულებრივად იკურნებოდნენ სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი დაავადებისაგან.

1902 წელს უწმიდესი სინოდის მიერ შედგენილი კომისიის განკარგულებით გამოიკვლიეს სასწაულებრივი განკურნების ასზე მეტი შემთხვევა. განკურნებული ავადმყოფები მართლმადიდებელი რუსები იყვნენ და ისინი აღფრთოვანებით შეხვდნენ სინოდის 1903 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებას ამ ახალი მლოცველის წმიდანად აღიარების და მისი სასწაულთმოქმედი ნაწილების გახსნის შესახებ, რომელიც შედგა საზეიმო და ხალხმრავალ ვითარებაში 1903 წლის 19 ივლისს.

წმიდა სერაფიმეს ცხოვრებისა და მისი საჯარო განდიდების აღწერა გვინდა დავასრულოთ სიტყვებით, რომელიც მისი განდიდების დღეს წარმოთქვა ანემზიანმა არქიეპისკოპოსმა ინოკენტიმ: „ღირსი სერაფიმეს სახით ჩვენ მოგვევლინა ჩვენი წმიდა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი, მსასოებელი და მეოხი ჩვენი, მოძღვარი, რომელსაც უნდა ვბაძავდეთ და რომელიც ამავე დრობით ფრთაშესხმულნი ჩვენ მაინც არ გამოვფხიზლდებით ცოდვის ძილისაგან და ჭეშმარიტების იმ გზას არ დავადგებით, რომლითაც იგი ამაღლდა ზეცად, ვერც ზენაარ მამულს დავიმკვიდრებთ მისი შეწევნით“.  ჩემი აზრით, დასძენს ყოვლადუსამღვდელოესი ინკოკენტი, ყოველთვის, როდესაც ახალი სასწაულთმოქმედი მოევლინება დედამიწას, და განიხვნება, გამოჩნდება უფლის ტახტი და უფალი ყველა მიწიერს მოუწოდებს: „თქვენ, ვინც სიკვდილის ბნელ ჯურღმულებში იმყოფებით და არ გახსოვთ თქვენთვის განკუთვნილი ზეციური სავანეები, შეხედეთ თქვენს მოძმეს, რომელიც რწმენით და სათნოებით წუთისოფლიდან მარადისობის წიაღში ამაღლდა; მხოლოდ დროებით ვაგზავნი მას თქვენთან, დაე მეგზურად, მცველად და შემწედ გყავდეთ... ემსგავსეთ თქვენს ძმებს, როგორ და რამდენადაც შეგიძლიათ, რათა თქვენც ჩემთან მოხვიდეთ და განისვენოთ“.

რაოდენ საჭირო და დროულია ეს ხმა ჩვენს შფოთიან დროში! დაე მან გამოძახილი ჰპოვოს ჩვენი სულისა და გულის სიღრმეში!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი წმიდა სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი