ღირსმოწამე და აღმსარებელი სტეფანე ახალი (+767)

 

ღირსმოწამე და აღმსარებელი სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.

ამ დროს იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (716-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა წამოიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში და ეკლესიაშიც ხატმებრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. ამაქვეყნის ძლიერთაგან დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისთან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ კელიებში და თავისი ახოვანი და ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმიდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინეპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს დაუყენეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და, 15 წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს მოძღვარმა, ნეტარმა იოანემ სული უფალს შეჰვედრა. დამწუხრებულმა წმიდანმა მისი პატიოსანი ცხედარი კრძალვით მიაბარა მიწას, თავად კი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. მალე ღირს მამას მოაშურეს ბერებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმიდა სტეფანე გახდა. ორმოცდაორ წელს მიღწეულმა სტეფანემ თავისი სავანე დატოვა და განკრძალულ ადგილას მცირე კელიაში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შემოიკრიბა საძმო.

საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) - მართლმადიდებლობის კიდეც უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმებრძოლთა კრება, რომელსაც 358 ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან. კოპრონიმის ძალისხმევით მწყემსმთავრის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული კონსტანტინეპოლის პატრიარქის, კონსტანტინეს გარდა ეკლესიის ყველა წინამძღვარმა უარი განაცხადა ამ კრების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ შემოკრებილნი თავს მაინც მსოფლიო კრებას უწოდებდნენ. ერეტიკოსთა ცრუ კრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.

ამასობაში წმიდა სტეფანეს სავანისა და მისი იღუმენის შესახებ დედაქალაქშიც შეიტყვეს. იმპერატორი განსაკუთრებით გაააფთრა იმან, რომ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. მთავარეპიკოპოსი კონსტანტინე მიხვდა, რომ მის ხატმებრძოლურ მისწრაფებებს იღუმენ სტეფანეს სახით ძლიერი და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

უღმერთოების ჯერ ლიქნითა და მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ სტეფანეს ცთუნებას, მაგრამ ამაოდ. მაშინ მას ცილი დასწამეს და ერთ მონაზონ ქალთან თანაცხოვრებაში დასდეს ბრალი, მაგრამ ჭორი არ დადასტურდა. ბოლის იმპერატორმა ბრძანა, ღირსი მამა საპყრობილეში ჩაეგდოთ. აქ მას უგზავნიდნენ მწვალებელ ეპისკოპოსებს, მაგრამ უფლის რჩეულმა ადვილად უარყო მათი ცრუ არგუმენტები და მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა.

მაშინ უღმრთო თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეენიც შემოიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ხმა წმიდა სტეფანესა და მისი ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს განამტკიცებდა.

იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა. ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმებრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფს, მონეტა კი მიწაზე დააგდო.

უსჯულო იმპერატორმა ბრძანა, წმიდამი საპყრობილეში დაბრუნებინათ, სადაც უკვე ხატების თაყვანისცემისათვის მსჯავრდებული 342 ბერი იყო გამომწყვდეული. წმიდანმა 18 თვე დაჰყო სატუსაღოში. იგი ნუგეშს სცემდა თანაპყრობილებს, მათთან ერთად ლოცულობდა პარაკლისებს და ხშირად გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.

როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, თავისი ორი უსაყვარლესი მსახური - ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა უფლის სათნომყოფელის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე რომ იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა მეფეს მოახსენეს, შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა - თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანი მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფრთებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა დიდ ძელს დაავლო ხელი და თავში ჩასცხო მარტვილს, რომელიც იმავ წამს აღესრულა. გონდაკარგული უსჯულოები მაინც არ დაცხრნენ: ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმიდანის ტვინი სუფთა ცხვირსახოცში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი კი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ საფლავში დააგდეს, უსჯულო კერპთაყვანისმცემლებად შერაცხილ სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 18 ნოემბერს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა, სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსმოწამე და აღმსარებელი სტეფანე ახალი