ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)

 

ღირსმოწამე პარასკევა კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. ნეტარი ქალწული მშობლიურ სახლში ცხოვრობდა, ბევრს ლოცულობდა, გულმოდგინედ გამოიძიებდა საღვთო წერილს, დედ-მამის სიკვდილის შემდეგ კი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა. როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინ პრისს (138-161 წწ.) მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. ვერც პატივისა და დიდების აღქმამ, ვერც წამებისა და სიკვდილის მუქარამ ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. წმიდანს გახურებული მუზარადი დაარქვეს თავს, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული მარტვილი უვნებელი რჩებოდა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა ქრისტეს ტარიგსვე ჰხადა შემწეობისათვის და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა ურჯულოს. ამის შემდეგ მადლიერმა იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.

მიმოდიოდა რა სახარების ქადაგებით, ნეტარი დედა ჩავიდა ქალაქში, რომელსაც ასკლიპიოსი მართავდა. აქ იგი ისევ დაატუსაღეს, სამსჯავროზე წარადგინეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიკდვილმისჯილი ერთ გამოქვაბულში დაბუდებულ საზარელ გველეშაპთან მიიყვანეს შესაჭმელად, მაგრამ მან ჯვრის გადასახვით მოაშთო ქვემძრომი. ამ სასწაულით შეძრულმა ასკლიპიოსმა და ქალაქის მცხოვრებლებმა ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხევალი გაათავისუფლეს. პარასკევა განაგრძობდა მაცხოვნებელი სწავლების გავრცელებას. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს, საშინლად აწამეს და, ბოლოს, თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსმოწამე პარასკევა