გაკვეთილი ოცდამეცხრე

 

სკაიპი      

 

სკაიპი წარმოადგენს სოციალური ქსელის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ადამიანებს აძლევს რეალურ დროში კონტაქტის საშუალებას. სკაიპის გამოსაყენებლად მეგობარს უნდა გაახსნევინოთ იგი და შეატანინოთ თქვენი მონაცემები. ისევე, როგორც ელექტრონული ფოსტის გახსნის დროს, თქვენ უნდა დაიმახსოვროთ თქვენი შესასვლელი სახელი და პაროლი. ეს მონაცემები საჭიროა, მაგალითად სისტემის გადაყენების შემდეგ კვლავ რომ არ დაგჭირდეთ მისი ხელახალი გახსნა. მეგობარს კი ვურჩევ, რომ სკაიპის დაყენებისას გამოიყენოს ისეთი რეჟიმი, რომელიც კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად ჩართავს სკაიპსაც.თქვენ კი ჩემო მეგობარო, სკაიპის გამოსაყენებლად პირველად უნდა ჩართოთ ინტერნეტი, შემდეგ კი თითი დააჭიროთ ღილაკს ეფ-6. კომპიუტერი შეგატყობინებთ სკაიპის ჩართვას.

     სკაიპის ჩართვისას ეკრანზე გამოვა სკაიპში თქვენი მეგობრების სია. კომპიუტერი მოგცემთ ცნობას, თუ მოცემული მომენტისთვის რამდენი მეგობარია ხაზზე და შეგიძლიათ მათთან კონტაქტის დამყარება. ზედა და ქვედა ისრებით ვათვალიერებთ ხაზზე მყოფ მეგობრებს და ვჩერდებით იმ მეგობარზე, რომელსაც გვსურს დაველაპარაკოთ. ხაზზე მყოფი მეგობრების სია წარმოადგენს მეგობართა საერთო სიის ნაწილს და იცვლება იმის და მიხედვით, თუ რომელი თქვენი მეგობარი «სკაიპობს» მოცემული მომენტისთვის. მეგობრების საერთო სიაზე გადასასვლელად დააწექით ტაბს. მე მჯერა, რომ უკვე მიხვდით იმ ფაქტს, რომ სკაიპით თქვენ შეგიძლიათ კონტაქტი დაამყაროთ  მხოლოდ იმ პიროვნებებთან, რომლებიც შეყვანილი გყავთ მეგობრების სიაში. ამ სიაში ახალი მეგობრების დამატების პროცესი ასეთია: ტაბით მივდივართ იმ ადგილამდე, როცა კომპიუტერი გვიცხადებს: «სკაიპში ძიებისათვის დააწექით ენტერს». შეასრულეთ ეს მითითება. კომპიუტერი შემოგთავაზებთ: «ჩაწერეთ საძიებო სიტყვა». თუ თქვენ იცით მეგობრის ნიკი, ძალიან კარგი, ჩაწერეთ იგი, თუ არა და ჩაწერეთ მისი სახელი,  ვთქვათ: ფიფო და კვლავ დააწექით ენტერს.  კომპიუტერი გაცნობებთ, რომ ნაპოვნია ამ სახელის მქონე სკაიპის ასი მომხმარებელი.  კომპიუტერი გისვამთ შეკითხვას გინდათ შეარჩიოთ სიიდან?  ჯერ გავყვეთ ერთ მიმართულებას, როცა აცხადებთ არას, ანუ აწვებით ესკეიპს. ამ მოქმედების შესრულების მერე კომპიუტერი ავტომატურად გადადის ძებნის შედეგებზე და გამოაქვს საძიებელი აბონენტების სია. ქვედა ისრით გადმოვინაცვლებთ დაბლა  და კომპიუტერიც გვიკითხავს თითოეული აბონენტის მონაცემებს: ნიკს, ქვეყანას, საცხოვრებელ ადგილს და ასე შემდეგ.  ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ  მეგობარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ვდგებით ისრით მის მონაცემებზე. ვაჭერთ კლავიშს პლიუსი კალკულატორის ბლოკიდან. ამის შემდეგ კომპიუტერი გვთავაზობს გვინდა თუ არა შევუცვალოთ სახელი აბონენტს, თუ არ გვინდა, მაშინ ვაწვებით ესკეიპს და აბონენტი ემატება მეგობართა სიას, ხოლო თუ გვინდა სახელის შეცვლა, რათა ერთმანეთისგან გავარჩიოთ მეგობრების სიაში მყოფი რამდენიმე ფიფო, მაშინ ვაჭერთ ენტერს და ვწერთ რაიმე ნიშანს, მაგალითად თანამშრომელი, ვაწვებით კვლავ ენტერს და თანამშრომელი ფიფო ემატება მეგობრების სიას და როცა მეგობრების სიაში მოვძებნით ამ ფიფოს, მას ექნება სახელი თანამშრომელი ფიფო.  გახსოვთ? ასი აბონენტის მოძებნის შემდეგ კომპიუტერმა გამოგვიცხადა: გინდათ შეარჩიოთ სიიდან? ჩვენ პირველად გავყევით უარის ხაზს და დავაწექით ესკეიპს. ახლა განვაცხადოთ თანხმობა და დავაწვეთ ენტერს.  ამ მოქმედებით ჩვენ ნაპოვნი ასი აბონენტის სიას ვაპატარავებთ და მოსაძებნი პიროვნებისთვის უფრო ვაზუსტებთ მონაცემებს.  ისეთებს როგორიცაა: სახელი, ქვეყანა, ქალაქი, სქესი, მინიმალური ასაკი, მაქსიმალური ასაკი, მის შესახებ და ასე შემდეგ.   მონაცემების ჩასაწერად პუნქტიდან პუნქტში გადავდივართ ტაბით. კითხვებზე პასუხის გაცემისას წრე დაპატარავდება და  აღმოჩნდება, რომ სულ სამი ფიფოა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. ერთი თბილისში, მეორე ბათუმში, მესამე ქუთაისში.  ავირჩიოთ ერთერთი. მერე დავაწვეთ პლიუს კლავიშს კალკულატორის ბლოკიდან და გავიმეოროთ იგივე პროცედურა რომელიც შევასრულეთ წინა შემთხვევებში.

     ყურადღება! როცა  მაგალითად, ვეძებთ გვარით აბონენტს, კომპიუტერს მოაქვს ას აბონენტიანი სია, თუ გვინდა იგივე გვარის სხვა აბონენტები, მაშინ ძიებას კვლავ ვიმეორებთ და ასე ვაგრძელებთ.

    სკაიპით ჩვენ შეგვიძლია საუბარი იმ მეგობრებთან, რომლებიც მოცემული მომენტისათვის არიან გააქტიურებულნი. ისრების დახმარებით დავდგებით კავშირზე  მყოფი მეგობრის სახელზე და შეგვიძლია ვესაუბროთ მას. სკაიპით კავშირის ორი ფორმა არსებობს: ტექსტის მიწერ-მოწერითა და ჩვეულებრივი სიტყვიერი საუბარი მიკროფონის დახმარებით.

     ჯერ განვიხილოთ მიწერ-მოწერითი საუბარი.დადექით მეგობრის ნიკზე და დააჭირეთ კონტროლ+ენტერს. აკრიფეთ რაიმე შეტყობინება და შემდეგ დააწექით ენტერს. შეტყობინება გაიგზავნება და თუ მეგობარს აქვს ხმოვანი პროგრამა იგი გაუხმოვანდება, თუ არა და მიიღებს ტექსტობრივად. მეგობრისგან მოსული შეტყობინება, რომელსაც მომხმარებლები «ჩატსაც» უწოდებენ თქვენ კომპიუტერში მოსვლისას გაგიხმოვანდებათ ავტომატურ რეჟიმში. თუ კარგად ვერ გაიგონეთ ბოლო ჩატი, დააწექით კონტროლ +  ასო  ერს. კონტროლ+ენტერით ტექსტის ერთხელ გაგზავნის შემდეგ, ტექსტი შეგიძლია აკრიფოთ კონტროლ+ეფ-ექვსის კომბინაციის გამოყენების შემდეგაც და გასაგზავნად დააწვეთ ენტერს.

    თუ გსურთ მეგობართან ვერბალური საუბარი, დადექით მის ნიკზედა დააწექით ენტერს. მის კომპიუტერში გაისმება თქვენი ზარი. მისი გამოპასუხების შემდეგ შეგიძლიათ ელაპარაკოთ მიკროფონით. როცა თქვენთან შემოდის მეგობრის ზარი, დააწექით შიფტ+ეფ-ექვსს და ელაპარაკეთ მას. აქ საჭიროა ვთქვათ კიდევ შემდეგი. როცა ვათვალიერებთ საძიებო სისტემით მოსულ ას აბონენტს, ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ ერთერთ მათგანზე და ენტერზე თითის დაჭერით დავურეკოთ, თუ იგი გამოგვეპასუხა შედგება მასთან კავშირის სეანსი და თუ გვექნება სურვილი მერე დავამატოთ მეგობრების სიას, მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად. დარეკვის ნაცვლად ასევე შეიძლება გავუგზავნოთ ჩატი.

     ახლა განვიხილოთ ეგრეთ წოდებული ჩატების ისტორია. ჩვენსა და მეგობარს შორის მიწერ-მოწერა ინახება ფაილად და ის შეიძლება ნებისმიერ დროს ხელახლა წავიკითხოთ. «ჩატების» ისტორია წარმოადგენს ჩვეულებრივ ფაილს, რომელიც ინახება «ბუ-ორის» ფოლდერში. მის მოსაძებნად ვაწვებით კონტროლ ასო ოს, ვირჩევთ დე დისკს, ვხსნით ენტერით. მერე ტაბით ვპოულობთ «ბუ-ორის» ფოლდერს ვხსნით მას და ისევ ტაბით გადავდივართ ფაილების სიაზე. აქ კი მოვძებნით ფაილს «სკიპე ჰისტორის» და ვხსნით მას. საუბრის მოსასმენად ვიყენებთ დაშორების კლავიშს. თუ გვინდა მოვისმინოთ სხვა მეგობართან საუბრის ჩანაწერი, მაშინ კონტროლ+ეფით გამოსულ საძიებო ფანჯარაში ჩავწერთ იმ სახელს (ნიკს) რომლითაც ეს მეგობარი გვყავს შეყვანილი მეგობართა სიაში და ვახორციელებთ ძებნის პროცესს. ვიპოვით რა სასურველი საუბრის ჩანაწერს მასაც მოვისმენთ დაშორების კლავიშის დახმარებით. თუ დაგვიგროვდა ბევრი მიწერ-მოწერის ჩანაწერი და ისინი აღარ გვჭირდება, სკაიპის მთავარ ფორმაში ჩატების ისტორიის შემდეგ არის პუნქტი ჩატების წაშლა გადავალთ ამ პუნქტზე და მოვახდენთ ფაილის წაშლას. პრინციპში, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ზოგიერთი საუბრის ჩანაწერი და ზოგიერთისა დავტოვოთ. ამას განვახორციელებთ ადრე ნასწავლი მეთოდებით. შესწორებული კი შეიძლება შევინახოთ კონტროლ+შიფტ+ესით.

     სკაიპის მთავარ ფორმაში შემდეგი პუნქტია : სტატუსი. სტატუსი წარმოადგენს ჩვენი მდგომარეობის დაფიქსირებას მოცემული დროისთვის. მივალთ რა ამ პუნქტზე, შეგვიძლია ისრებით გადავათვალიეროთ სტატუსების სია: ჩართულია, სკაიპობს, მიუწვდომელია, უხილავია, შორსაა, მომსახურების გარეთაა.

     ჩართულია ნიშნავს, რომ მზად ხართ საპასუხოდ, სკაიპობს ნიშნავს, რომ სხვა აბონენტს ესაუბრებით, უხილავი ნიშნავს, რომ სკაიპში ხართ, მაგრამ არ ჩანხართ სხვა მეგობრების სიაში, შორსაა ნიშნავს, როცა კომპიუტერთან არ იმყოფებით და ა. შ. ისრებით გადაადგილებისას რომელ ჩანაწერზეც დავდგებით, ის სტატუსი გვექნება მონიჭებული.

    მეგობართან კავშირის სეანსის დამთავრება, როგორც ჩატებით ასევე ვერბალურად, ხდება ესკეიპ ღილაკით, ხოლო სკაიპიდან გამოსვლა ალტ პლიუს ეფ-ოთხით.

    საკონტროლო კითხვებისა და დავალების მოცემის შემდეგ, მოვიყვანთ ამ გაკვეთილის მოკლე გასამეორებელ ტექსტს.

 

 საკონტროლო კითხვები

 

 1. როგორ უნდა დაფიქსირდეთ სკაიპის მომხმარებლად?

 2. როგორ უნდა ჩართოთ  სკაიპი?

 3. რა კლავიშის გამოყენებით ხდება სკაიპის მთავარ ფორმაში გადაადგილება?

 4. როგორ უნდა დავამატოთ მეგობართა სიას ახალი აბონენტები?

 5. როგორ ვწერთ მეგობრებს «ჩატებს» და როგორ ველაპარაკებით სიტყვიერად?

  6. როგორ უნდა ვუპასუხოთ მეგობრის ზარს?

   7. როგორ უნდა წავიკითხოთ ჩატების ისტორია და როგორ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სტატუსი?

 

 

 

დავალება

 

1. მოძებნეთ და დაიმეგობრეთ სამი აბონენტი თქვენი გვარისა.

2. სკაიპით სარგებლობის მესამე დღეს წაიკითხეთ ჩატების ისტორიის ფაილი.

 

 სკაიპის მოხმარების წესები

 

     სკაიპში შესასვლელად ჯერ უნდა გავხსნათ პროგრამა ინტერბუ. შემდეგ ვაწვებით კლავიშს ეფ 6. ირთვება სკაიპი და გამოდის მოცემულ მომენტში სკაიპში მყოფი მეგობრების სია. ამ სიის აბონენტები ამორჩეულია სკაიპის მეგობრების უფრო ფართო სიიდან. ფართო სიის აბონენტები წარმოადგენენ აბონენტებს, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს სკაიპის საშუალებით კავშირი. მეგობრების ფართო სიის აბონენტები შეიძლება მოცემულ მომენტში არ იმყოფებოდნენ ქსელში.

     ახალი მეგობრის დამატება ხდება მეგობრების ფართო სიაში შემდეგნაირად: ტაბ კლავიშის საშუალებით გადავდივართ შეტყობინებამდე «სკაიპში ძიებისათვის დააწექით ენტერს», შემდეგ ვაწვებით ენტერს და ვწერთ მეგობრის მისამართს (ნიკს). ამის შემდეგ ვაძლევთ ენტერს და ფანჯარაში გამოდის ნაპოვნი მისამართი, რის შემდეგაც ვაწვებით კლავიშს პლიუსი კალკულატორის ბლოკიდან, შეკითხვაზე: «გინდათ დაამატოთ მეგობრების სიაში?» ვაწვებით ენტერს, შემდეგ კლავიშს ესკეიპს და აბონენტი ემატება მეგობრების სიას.

     სკაიპში ახალ აბონენტებთან ურთიერთობის დასამყარებლად გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, შეგვიძლია მოვძებნოთ გვარით, სახელით, ქვეყნით, ქალაქით, ასაკით და ა. შ. ამისთვის საჭიროა ძებნაში, რომლისთვისაც ვიყენებთ ტაბ კლავიშს, აბონენტის ზემოთჩამოთვლილ მონაცემთაგან ჩავწეროთ ერთ-ერთი, მაგალითად, გვარი, გამოდის სია, შემდეგ ძიებას ვაგრძელებთ ისევ ტაბ კლავიშის დახმარებით და მივდივართ მეორე პარამეტრის ჩაწერის ადგილზე, მაგალითად, ჯორჯია და ვაწვებით ენტერს, სიაში რჩება მოცემული გვარისა და საქართველოში რეგისტრირებული აბონენტების მისამართები.

     მიღებული სიიდან აბონენტთან დაკავშირება შესაძლებელია ენტერის დახმარებით.

     თუ გვსურს შემდგომშიც ნაცნობობა აბონენტთან, მას ვამატებთ ფართო სიას იგივე წესით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.

     სკაიპში მყოფი მეგობრების სიაში სასურველ აბონენტთან დასაკავშირებლად ისრების საშუალებით ვდგებით სასურველი აბონენტის მისამართზე და ვაწვებით კონტროლ ენტერს, რის შემდეგაც ვწერთ შეტყობინებას, ვაწვებით ენტერს და შეტყობინება იგზავნება.

     ხელმეორე შეტყობინების გაგზავნისათვის შეგვიძლია დავაწვეთ კლავიშებს კონტროლ ეფ 6 და ჩავწეროთ შეტყობინება, შემდეგ კი დავაწვეთ ენტერს.

     რაც შეეხება მეგობრისაგან მიღებულ შეტყობინებას: პროგრამა მას ავტომატურად ახმოვანებს. თუ გვსურს ბოლო შეტყობინების გამეორება, ვაწვებით კლავიშებს კონტროლ ერ.

     მთელი საუბრის ხელმეორედ მოსასმენად უნდა გავხსნათ ჩატების ისტორია. ამისათვის ვაწვებით კლავიშებს კონტროლ ო-ს, შევდივართ ბუ 2-ს ფოლდერში და ფაილების სიაში ისრების საშუალებით ვეძებთ ფაილს «სკიპე ჰისტორი», რის შემდეგაც ვაწვებით ენტერს და იხსნება ჩატების ისტორია, რომელშიც სასურველი აბონენტის მოსაძებნად ვიყენებთ კლავიშებს კონტროლ ეფ-ს , ვწერთ აბონენტის სახელს და ვაწვებით ენტერს. საუბრის მოსასმენად ვაწვებით ხანს (პრაბელს). ამ შემთხვევაში საუბრის მოსმენა იწყება თავიდან. თუ გვსურს საუბრის მოსმენა ბოლო შეტყობინებიდან უკან, ვაკეთებთ შემდეგს: სკაიპში მყოფები ტაბ კლავიშით შევდივართ ჩატების ისტორიაში, ვაწვებით ენტერს და მთავარ ფანჯარაში ვიღებთ ჩატების ისტორიას, რის შემდეგაც მთავარ ფანჯარაზე გადავდივართ კლავიშებით ალტ ეფ 4, ვაწვებით კლავიშს ჰოუმ და ჩატების ისტორია იწყება ბოლო ჩატის წაკითხვიდან.

     რაც შეეხება ისტორიაში სხვა აბონენტთან ნალაპარაკევის მოძებნას, ეს ხდება კონტროლ ეფ-ის დახმარებით.

     ისტორიების წაკითხვის შემდეგ სკაიპში დასაბრუნებლად ვაწვებით ისევ კლავიშს ეფ 6.

     ვერბალური საუბრისათვის მეგობართან საჭიროა: სკაიპში მყოფი მეგობრების სიიდან სასურველი მეგობრის შერჩევის შემდეგ პირდაპირ დავაწვეთ ენტერს, რის შემდეგაც გადის ზარი მეგობართან. რაც შეეხება შემოსული ზარის მიღებას, ამისათვის ვაწვებით კლავიშებს შიფტ ეფ 6 და ვიწყებთ საუბარს. საუბრის დამთავრება ორივე შემთხვევაში ხდება კლავიშით ესკეიპი.

     სკაიპის პროგრამას აქვს ე. წ. სტატუსები, რომელთა მოძებნაც ხდება ტაბ კლავიშით: ჩართულია, სკაიპობს, მიუწვდომელია, უხილავია, შორსაა, მომსახურების გარეთაა.

     ჩართულია ნიშნავს, რომ მზად ხართ საპასუხოდ, სკაიპობს ნიშნავს, რომ სხვა აბონენტს ესაუბრებით, უხილავი ნიშნავს, რომ სკაიპში ხართ, მაგრამ არ ჩანხართ სხვა მეგობრების სიაში, შორსაა ნიშნავს, როცა კომპიუტერთან არ იმყოფებით და ა. შ.

 

     სკაიპის გამორთვა ხდება კლავიშთა კომბინაციით: ალტ ეფ 4.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 30.გაკვეთილი ოცდამეცხრე-სკაიპი